შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შავ ზღვაში დარტყმები კომერციულ გემებსა და მათ უდანაშაულო ეკიპაჟებზე ხორციელდება.
„დღეს შავ ზღვაში, ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ორ სავაჭრო გემზე დარტყმა განხორციელდა. ეს რუმინეთის სანაპიროსთან თურქული გემის, რომელსაც უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ჩაძირვიდან მომდევნო დღეს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტების გარემოებები ჯერ კიდევ ზუსტება, მოვლენების მსგავსი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია. აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენს წევრ სახელმწიფოებს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონებით დაარტყეს. ერთი გემიდან ეკიპაჟის ევაკუაცია მოხერხდა, ხოლო მეორე გემის ეკიპაჟის წევრებს ამ დრომდე ეძებენ.
ასევე, გუშინ, დრონი რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა, რის შედეგადაც, 2 მეზღვაური დაიღუპა.