რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას: „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ევროინტეგრაციის პროცესში ერთადერთი, რაშიც შეიძლება შთამბეჭდავი იყოს მოლდოვის პროგრესი, ეს არის ბრიუსელის მხრიდან შექებები“.
„სულ უფრო მეტ და მეტ შექებას იმსახურებს, მაგრამ ჩვენი გამოცდილება გვეუბნა, რომ რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით.
მოლდოვის ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოზე მაღალი იყო უკრაინის ომამდე, 2021 წელს თითქმის 14% იყო მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი, როდესაც ჩვენ 10%-ის ფარგლებში ვიყავით. მას შემდეგ, რაც უკრაინის ომი დაიწყო, ჯერ მოხდა 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა, ამის შემდეგ 0%-სა და 2%-ს შორის ვარირებს ეკონომიკური ზრდის ტემპები მაშინ, როდესაც საქართველოში საშუალოდ 9%-ია ეკონომიკური ზრდის ტემპები. სხვაობა რაშია? მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ ბრიუსელს. მეორე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, 31% -ზე მეტია მოლდოვაში სიღარიბის ზღვარს მიღმა, მოსახლეობის თითქმის მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმაა ამ დახმარებების და პროგრესების ფონზე. ზუსტად ამ პერიოდში ჩვენ ეს მაჩვენებელი ჩამოვიყვანეთ 7%-მდე. სხვაობა რაშია? მოლდოვა უჯერებს ბრიუსელის ბიუროკრატიას, ჩვენ არ ვუჯერებთ. აქედან დასკვნა, ის, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ზიანდება, ის, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, ის მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით. ერთადერთი, რაშიც მართლა გვისწრებს მოლდოვა, ეს არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები. ასეთი ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი ამ ლამაზი სიტყვების მიღმა, ჩვენ მხოლოდ ვზიანდებით ბრიუსელის თავსმოხვეული პოლიტიკით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.