გიგა ლემონჯავა - აღარ დატოვეს სეგმენტი, ვისაც „ქართული ოცნების“ მჩაგვრელი რეჟიმი არ შეეხო - ახლა არის დიდი საპროტესტო აქციის დრო და დარწმუნებული ვარ, ხალხი აუცილებლად გამოვა ამ აქციაზე

როდესაც დავითაძის შემთხვევაზე ვსაუბრობთ, ვერ ვისაუბრებთ როგორც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ცალკე შემთხვევაზე - წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა არის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნების“ რეჟიმი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გიგა ლემონჯავას თქმით, სწორედ ახლა არის დიდი საპროტესტო აქციის დრო, „რადგან აღარ დარჩა სეგმენტი, ვისაც „ქართული ოცნების“ მჩაგვრელი რეჟიმი არ შეეხო“.

„წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა არის პრაქტიკა ძალოვან სტრუქტურებში, ეს არის ფაქტი. ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა ამ ყველაფრისა. როდესაც დავითაძის შემთხვევაზე ვსაუბრობთ, ვერ ვისაუბრებთ როგორც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ცალკე შემთხვევაზე.

უკვე იმდენად ბევრ ადამიანს შეეხნენ, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნების“ მცირე კრიმინალური დაჯგუფება და მთელი საქართველო არის მეორე მხარეს. ვეღარ ახერხებენ იმის თქმას, რომ მთელი საქართველო „დიფსთეითის“ აგენტია და დაფინანსებულია. ექიმებს შეეხნენ, მასწავლებლებს შეეხნენ, პატიმრებს შეეხნენ, ყოფილ თანაგუნდელებს შეეხნენ. პროპაგანდა მალე აღარ გაჭრის.

მათ პროტესტის ახალი კერების ატანის რესურსი აღარ აქვთ. იციან, რომ ერთ ნაპერწკალზეა დამოკიდებული პროტესტის იმ მასშტაბებში დაბრუნება, რა მასშტაბშიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო. ჩვენი, ვგულისხმობ პოლიტიკურ კლასს, პასუხისმგებლობა ახლა არის, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი, შრომა, ბრძოლა ჩავდოთ, რომ პროტესტი გახდეს ისეთივე ფართომასშტაბიანი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ოქტომბერში ჩვენ ჩავატაროთ დიდი საპროტესტო აქცია. ახლა არის ზუსტად ამის დრო იმიტომ, რომ აღარ დატოვეს სეგმენტი, ვისაც მათი მჩაგვრელი რეჟიმი არ შეეხო. ახლა არის დიდი საპროტესტო აქციის დრო და დარწმუნებული ვარ, ხალხი აუცილებლად გამოვა ამ აქციაზე“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა