საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ის რაც საქართველოში ახლა ხდება წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა. ქვეყანასთან როგორც გავაგრძელებთ, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, წევრი ქვეყნები როგორ შეაფასებენ ამის მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც ქვეყანაში [საქართველოში] ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს”, - განაცხადა კოსმა „ტაბულას“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. აღინიშნება, რომ ევროკომისიამ მიიღო დოკუმენტების პაკეტი, რომელიც გაფართოებისწინა პოლიტიკას გადახედავს, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებს და იმ ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.
კერძოდ, საუბარია ოთხ კანდიდატ ქვეყანაზე - ალბანეთზე, მოლდოვაზე, მონტენეგროსა და უკრაინაზე, რომელთათვისაც 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.