ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე - როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!

როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას! - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს.

როგორც ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს.

„ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვას დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს.

თუ დღეს ბრიუსელში „წინსვლად“ ითვლება ის, რამდენად უსიტყვოდ ასრულებს ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მაშინ ეს უკვე დამსახურებაზე დაფუძნებული ევროპული ინტეგრაცია კი არა, უსიტყვო მორჩილების შეფასებაა.

საქართველოს ხელისუფლებამ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა.

ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!

ჩვენ პატივს ვცემთ იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ „კარგი მოსწავლის“ სტატუსი დაიმსახუროს.

და ბოლოს, ქალბატონი ევროკომისრის „საგზაო რუკით“ ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპატიმროებში სასჯელს იხდიან და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საქართველოს „საგზაო რუკა“ ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს“, - წერს ირაკლი კირცხალია.

შეგახსენებთ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.

მისივე თქმით, ის რაც ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში.

„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა", - განაცხადა მარტა კოსმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა