აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანმა აშშ-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ქვეყნებს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად ურანის გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.
ვენსმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ირანისგან მოითხოვს ურანის გამდიდრების შესაძლებლობების შემცირებას და არა მხოლოდ სამომავლო შეზღუდვებთან დაკავშირებულ დაპირებებს.
„თუ ბირთვული იარაღის შექმნა არ გსურთ, მაშინ რაში გჭირდებათ 60%-ით გამდიდრებული საწვავი? ხოლო თუ გსურთ დაადასტუროთ ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნით, ნუ აწარმოებთ მაღალგამდიდრებულ საწვავს. ეს ფუნდამენტური, საწყისი საკითხია. ვფიქრობ, თუ მათ სურთ, აჩვენონ ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიან, მათ ურანის გამდიდრების შესაძლებლობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგან“, - აღნიშნა ვენსმა.
მისი თქმით, აშშ კვლავ მზად არის შეთანხმებისთვის, თუმცა ირანისგან ბირთვულ საკითხზე კონკრეტულ დათმობებს მოითხოვს.