საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში, რთველში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ, ასევე თანამედროვე წარმოების ტენდენციებს.
„სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვაზის უნიკალური ჯიშები, მონაწილეობა მიეღოთ რთველში და ყურძნის დაწურვის პროცესში. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.