„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქმნის რისკს, რომ დემოკრატიის დაცვისთვის შექმნილი მექანიზმი პოლიტიკური პლურალიზმის საბოლოოდ გაქრობის დასკვნით ინსტრუმენტად იქცეს

2026 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით შეტანილ მესამე სარჩელს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სამართლებრივად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის.

ორგანიზაციის განმარტებით, პარტიების აკრძალვის უკიდურესი ზომა ინდივიდუალურ და მყარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის არგუმენტაცია პოლიტიკურ შეფასებებსა და პრობლემურ განზოგადებებზეა აგებული.

„2026 წლის 24 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებმა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ რიგით მესამე კონსტიტუციური სარჩელი შეიტანეს. სარჩელით მოთხოვნილია 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვა და მათი რეგისტრაციის გაუქმება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ პროცესს სამართლებრივად აფასებს და აანალიზებს, რამდენად შეესაბამება პარტიების აკრძალვის მოთხოვნები საქართველოს კონსტიტუციურ სტანდარტებს.

დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური მექანიზმი დემოკრატიის დაცვის უკიდურესი საშუალებაა და მისი გამოყენება მხოლოდ დემოკრატიული მმართველობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, მკაფიო, კონკრეტული და მტკიცებულებებით გამყარებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გამართლდეს;

„ქართული ოცნების“ მიერ უკანასკნელ 1 წელიწადში საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელების ანალიზი აჩვენებს, რომ მათი დასაბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შეფასებას და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის ერთმანეთთან თანამშრომლობის, ბოიკოტის, არჩევნების შედეგების არაღიარებისა და საერთაშორისო სანქციების მოთხოვნის ისეთ ქმედებებს, რომელთა კონსტიტუციით განსაზღვრულ აკრძალვის საფუძვლებთან დაკავშირება მნიშვნელოვნად პრობლემურია;

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის ერთიან ანტიკონსტიტუციურ პროექტად წარმოდგენა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ თითოეული მათგანის მიმართ კონკრეტული ქმედების, მიზნისა და რეალური საფრთხის არსებობა, ასევე ამ საფრთხეების საპირწონედ მათი აკრძალვის პროპორციულობა, დამოუკიდებლად უნდა დადგინდეს;

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პერსპექტივა ვერ განიხილება იმ პოლიტიკური და ინსტიტუციური კონტექსტისგან განცალკევებით, რომელშიც მათი ინიცირება ხდება;

როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის სივრცე მუდმივად ვიწროვდება, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მზარდი ზეწოლის პირობებში მოქმედებენ, ხოლო ადამიანის უფლებებით დაცული სივრცე სწრაფად და დრამატულად მცირდება, ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციირება ქმნის რეალურ რისკს, რომ დემოკრატიის დაცვისთვის შექმნილი მექანიზმი „ქართული ოცნების“ ხელში სწორედ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის საბოლოოდ გაქრობის დასკვნით ინსტრუმენტად იქცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ განცხადება ვრცლად.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე