ჯანმო-ს გენერალური დირექტორი - რუსეთისგან დამატებითი ინფორმაცია მოვითხოვეთ მძიმე პნევმონიის მიზეზის გასარკვევად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, ჯანმო-მ რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა მძიმე პნევმონიის მიზეზისა და პათოგენის გასარკვევად.

„ჯანმო რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან კონტაქტს ინარჩუნებს და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს. ჯანმო-მ დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, რათა გაირკვეს მძიმე პნევმონიის გამომწვევი მიზეზი, ის პათოგენი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების გატარება განაპირობა, და მედიაში გავრცელებული ცნობები კიდევ ერთი თანამშრომლის შესახებ, რომელსაც დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული პნევმონია აქვს“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ტედროს ადანომ გებრეიესუსი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციების შესაბამისად ინფორმაციის დროული, სრული და გამჭვირვალე გაზიარება აუცილებელია ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების დასაზუსტებლად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის პოტენციური რისკების ზუსტი შეფასების უზრუნველსაყოფად.

მისი ინფორმაციით, მედიაში პირველი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯანმო აქტიურად აკვირდება რუსეთის ფედერაციაში, ირკუტსკის რეგიონში, შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევას.

ტედროს ადანომ გებრეიესუსის მტკიცებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციების შესაბამისად დადასტურების მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ბოლო დროს ირკუტსკის რეგიონში შავი ჭირის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათ ჯანმო-ს აცნობეს, რომ ჩატარდა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა, განხორციელდა პრევენციული და კონტროლის ზომები და იდენტიფიცირებული იქნა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი კონტაქტები. მათ განაცხადეს, რომ კონტაქტებს შორის არ გამოვლენილა მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები და რომ ყველა იდენტიფიცირებული კონტაქტის სამედიცინო დაკვირვება დასრულდა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე