პუტინის დაბადების დღეზე რუსმა გენერლებმა მას საყვარელი საჩუქარი მიუტანეს : ომის დანაშაულები, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
მისი თქმით კიევში, დნიპროში, ზაპოროჟიეში, კრემენჩუკსა და პრილუკიში საცხოვრებელ შენობებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ასობით რაკეტითა და დრონით განხორციელდა. დედაქალაქში სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის სხვა ქალაქებში კი - კიდევ ოთხი.
„რუსი გენერლები პუტინს არ ეუბნებიან, რომ ის ამ ომს ვერ იგებს და ვერც ვერასდროს მოიგებს. მან 1.6 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა - დაღუპულებისა და დაჭრილების სახით - მაგრამ შემოჭრის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. მისი ნელი წინსვლა შეფერხდა და უკრაინამ დაიწყო იმაზე მეტი მიწის განთავისუფლება, ვიდრე ის ოკუპირებას ახერხებს. მისი ეკონომიკა ეცემა და მისი გავლენა მთელ მსოფლიოში მცირდება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ის უარს ამბობს ამ ომის დასრულებაზე. დიახ, უკრაინისთვისაც ძალიან რთულია. თუმცა, უკრაინელი ხალხი არ აპირებს დანებებას, რადგან საქმე უკრაინის, როგორც ერისა და სახელმწიფოს გადარჩენას ეხება. რუსეთის ტერორი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს”, - წერს სიბიგა.
ის უკრაინის პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
„ამ თავდასხმის შემდეგ, მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, პუტინს ნამდვილი საჩუქრები გადასცენ, რაც მას დაეხმარება ომს დიპლომატია არჩიოს. უფრო მკაცრი სანქციები მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ ობიექტებსა და „რასვეტის“ სატელიტურ სისტემაზე, ასევე უკრაინის უფრო ძლიერი მხარდაჭერა, მათ შორის ყველა სახის საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული დახმარება ზამთრის წინ. მაგრამ მისი საბოლოო საჩუქარი ჰააგაში საბრალდებო სკამი იქნება. ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალურ ტრიბუნალს მომავალი წლიდან პრაქტიკული ამოქმედებისთვის ვამზადებთ. პუტინმა და მისმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა გარდაუვალია“, - წერს სიბიგა.