ლევან ლორთქიფანიძე - შესაძლოა, სამართალი ურმით დადის, მაგრამ ფაქტია, რომ რეზოლუციების წყალობით, დღეს გვაქვს ე.წ. ხელის არჩამორთმევის პოლიტიკა, რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, „ოცნება“ ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილის საყვარელ სიტყვას - „კარტინკა!“

თუ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციებს, მაშინ რატომ ჩადიან ლუქსემბურგის პარლამენტის დეპუტატებთან და დერეფნებში რატომ ელოდებიან?!“ - ამის შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები და წევრები ევროპული სტრუქტურების მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციებს „ჩალის ფასს“ უტოლებენ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ნელა მოქმედებს რეზოლუციების სამართალი, ურმით დადის, მაგრამ ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს უქმნის და იზოლაციაში ამოყოფებს.

„თუ ჩალის ფასი აქვს, რატომ ნერვიულობენ ასე ძალიან? თუ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციებს, მაშინ რატომ ჩადიან ლუქსემბურგის პარლამენტის დეპუტატებთან და დერეფნებში რატომ ელოდებიან?! თუ ჩალის ფასი აქვს, რატომ ცდილობენ, ყოველი ახალი ელჩი, რომელსაც გერმანია ან რომელიმე დასავლური სახელმწიფო ნიშნავს, კუთხეში მოამწყვდიონ, შანტაჟი მოუწყონ და ზეწოლა მოახდინონ? არ აქვს ჩალის ფასი! განიცდიან ამას. საქართველოს არცერთ ვითარებაში არ ექნება იმის ფუფუნება, ამ ტიპის ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან. „ქართულ ოცნებასაც“ სჭირდება დასავლეთთან ურთიერთობების რეგულირება.

რეზოლუციებს, შესაძლოა, არ აქვს მყისიერი ეფექტი, ველოდებით სანქციებს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მიმართ და აგვიანებს. შესაძლოა, ნელა მოქმედებს ეს რეზოლუციები და სამართალი ურმით დადის, მაგრამ ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს უქმნის, იზოლაციაში ამყოფებს. ფაქტია, რომ ამ რეზოლუციების წყალობით, დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. ხელის არჩამორთმევის პოლიტიკა.

არავინ ესაუბრება მაგათ, თუ კოსმოსის შესახებ არ ჩატარდა კონფერენციები და იქ რომელიმე მოსახვევში არ შეხვდა მაკრონს ან რომელიმე ლიდერს. სჭირდებათ ევროპასთან ურთიერთობის დალაგება, მაგრამ ამ პოლიტიკით, რასაც ატარებენ, ეს დალაგება შეუძლებელია. ურჩევნიათ, უფრო კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან, ვიდრე ევროპასთან დაალაგონ“, - აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხებ უშუალოდ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მორიგ დებატებს, რომლის სახელწოდებაა: „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, ევროპარლამენტი იტყვის, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს საქართველოში მის მიერ მართული პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას.

„კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს მხოლოდ ფურცელზე, ფორმალობა დარჩა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობიდან. ყოველი ახალი რეზოლუცია ამას მთელი ახალი სიმძლავრით ამტკიცებს ხოლმე. ალბათ, ევროპარლამენტი იტყვის, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს საქართველოში მის მიერ მართული პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას.

ივანიშვილის განზრახვაა არა მხოლოდ ის, რომ მხოლოდ მედია აკონტროლოს, არასამთავრობოები, არამედ პოლიტიკურ ველზე დატოვოს ან ძალიან პატარა პარტიები, ან ისეთი პარტიები, რომლებსაც უშუალოდ აკონტროლებს. ეს ევროპისთვის ახალი არ არის. ეს განზრახვა აქვს „ქართულ ოცნებას“ - არსებობდეს მრავალპარტიული დემოკრატიის ფასადი და ყველა ოპოზიციურ პარტიას თვითონ აკონტროლებდეს. ჰყავდეს სუბარის პარტია და ახალი პარტიები. ამას ხედავენ ევროპაში და იციან, რომ უბედურებაა ის, როდესაც კონსტიტუციას, საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვის პრეცედენტს პოლიტიკური მმართველობა იყენებს არა დემოკრატიული სტაბილურობისთვის, არამედ პირიქით - დემოკრატიას გამოაცალოს საფუძველი“, - აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ.

გარდა აღნიშნულისა, ლევან ლორთქიფანიძემ ის ფაქტიც შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების თავზე დაკიდა „დამოკლეს მახვილი“ და ოპოზიციური პარტიები არიან არაპროგნოზირებად რეჟიმში, „როცა კაცმა არ იცის, რა მოხდება“.

„სხვადასხვა მემუარულ ლიტერატურაში წაკითხული მაქვს, რომ სააკაშვილის საყვარელი სიტყვა იყო „კარტინკა“: „მთავარია შევქმნათ კარტინკა“. „ქართული ოცნება“ ერთი-ერთში იმეორებს იგივე პოლიტიკას, მისთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა, მთავარია დადგას რაღაც სურათი. დღეს დადგა ეს სურათი - „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების თავზე დაკიდა „დამოკლეს მახვილი“ და ოპოზიციური პარტიები არიან არაპროგნოზირებად რეჟიმში. კაცმა არ იცის, რა მოხდება. მთავარია, მათ ეშინოდეთ, არ იცოდნენ, აქვთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ამ მახვილს ხან ქვემოთ ჩამოუწევს, უფრო მეტად რომ შეაშინოს ოპოზიციური პარტიები, ხან ზემოთ აწევს.

ამ მაიმუნობასა და მასხარაობაში ჰყავთ გადაყვანილი მთელი პროცესი. ბოლოს, ჩემი დაკვირვებით, ის არცერთ პარტიას არ აკრძალავს. კვლავ ის რიტორიკა წარმოებს ხელისუფლების მხრიდან, რომ ვარსებობთ ჩვენ „ქოცები“ და არსებობს კოლექტიური „ნაცები“. უნდათ, ამ დიქოტომიაში შეინარჩუნონ პოლიტიკური პროცესი 2028 წლისთვის. არანაირ საკონსტიტუციო პროცესთან არ გვაქვს საქმე, გვაქვს ჩვეულებრივ პიარგათვლებთან, „ტროლ-ბოტებმა“ რომ იმუშაონ სოციალურ ქსელებში“, - აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე