ირაკლი ფავლენიშვილი - რეზოლუციები მნიშვნელოვანია, თუმცა ქმედებებიც საჭიროა, მხოლოდ შეშფოთება რომ ისმის, პრობლემაა, რაც შეეხება რიყის პარკში შეკრებას, პარტიული მობილიზების გარეშე ასეთ აქციას „ოცნება“ ვერ ჩაატარებს - ეს ჩვენი სიძლიერეა!

მხოლოდ შეშფოთება რომ არის საქართველოში მიმდინარე საკითხებზე, ეს პრობლემაა. ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი სახე აჩვენა. რეზოლუციები მნიშვნელოვანია, თუმცა ქმედებებიც მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და მორიგი რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, ევროპელი პარტნიორებისთვისაც გამოწვევაა.

„ჩვენს პარტნიორებს საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, 2008 წელს ბარბაროსული სამხედრო აგრესიის პირობებში იყო ამერიკის პრეზიდენტის უპრეცედენტო გამოსვლა და ფლოტის მობილიზება საქართველოს აკვატორიულ წყლებში და ასევე ევროპის რამდენიმე ლიდერი ჩამოვიდა და დადგა რუსთაველზე.

ჩვენს პარტნიორებს უამრავი პროექტი აქვთ დაფინანსებული მაშინ, როდესაც ქვეყანა სულს ღაფავდა. მადლიერები უნდა ვიყოთ, მაგრამ მათი უსაფრთხოებისთვისაც არის გამოწვევა ის, რაც საქართველოში ხდება. თუ ამბობენ, რომ საქართველო ფურცელზეა კანდიდატი ქვეყანაო და ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეო, მაშინ უფრო ეფექტური უნდა იყოს მათი ნაბიჯები. მხოლოდ შეშფოთება რომ არის საქართველოში მიმდინარე საკითხებზე, ეს პრობლემაა. ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი სახე აჩვენა. რეზოლუციები მნიშვნელოვანია, თუმცა ქმედებებიც მნიშვნელოვანია.

ქმედებებიც ვიხილეთ, გარკვეული პირების სანქცირება მაგრამ, როცა ევროპელებზე ვსაუბრობთ, მათ ახასიათებთ ის, რომ ბოლომდე ცდილობენ, იქნებ რაღაცას მიაღწიონ, მაგრამ ვერ მიაღწევენ. ვერ მიაღწევენ, რადგან ივანიშვილი გახლავთ სხვა სტადიაზე გადასული და არა ის, რომელიც 2017-2018 წლებში იყო, რომელიც დასავლეთის აზრს მეტ-ნაკლებად ითვალისწინებდა. ადამიანი უპრეცედენტო რამეს აკეთებს - ყველა იმ პოლიტიკურ ძალას კრძალავს, რომელსაც საგრძნობი მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციური პარტიები აიკრძალება, ბრძოლა მაინც გაგრძელდება.

„ჩვენთვის ბრძოლის გაგრძელებაა მთავარი, ადამიანების მობილიზება, კორუფციის მხილება, რეჟიმის მსხვერპლთა გვერდში დგომაა მთავარი.

ამ გადაწყვეტილების შემდგომ პოლიტიკური ლანდშაფტი არ იცვლება. 2018 წელს რომ მომხდარიყო, მაშინ ეს პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლიდა, არც იზოლირებული და არც სანქცირებული იყო ქვეყანა. სახელმწიფო დაფინანსება არსებობდა, პარლამენტსა და საკრებულოებში პოლიტიკური ცხოვრება იყო. ახლა ვართ პირობებში, როცა ყველა ლიდერი ციხეშია და საქმეებია აღძრული, პარტიების წევრები ციხეში არიან, დემოკრატიული პროცესი არსად მიმდინარეობს, რადგან ყველა სფერო მიტაცებულია. პარტიების აკრძალვა საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ოფიციალური დახურვა იქნება. ამ გადაწყვეტილებით კრძალავენ ჩვენს მომხრეებს, ეს ცინიზმია. წინააღმდეგობით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე, ირაკლი ფავლენიშვილმა 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს უპასუხა. მისი თქმით, მიუხედავად ბევრი ტექნიკური პრობლემებისა და შსს-ს განცხადებისა, რომელიც შემაშინებელ ხასიათს ატარებდა, სივრცე მთლიანად იყო ათვისებული.

„ჩვენ სივრცე, რომელი დაგეგმილი გვქონდა, მთლიანად ავითვისეთ. რასაც ველოდით, იმ რაოდენობის ხალხი მოვიდა. არსებობდა ბევრი ტექნიკური დაბრკოლება, შსს-ს განცხადებები, რომლებიც შემაშინებელ ხასიათს ატარებდა...

ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც 14 წლიანი რეპრესიების შედეგად არა თუ გატყდა, არამედ დღემდე ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

სხვა პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზე ამდენი ადამიანი არ დადის. ასეთ აქციას, რომელსაც პარტიული მობილიზაცია არ ექნება, „ქართული ოცნებაც“ ვერ ჩაატარებს. ოცნებამ“ აქცია რომ ჩაატაროს, უნდა გაწეროს, რამდენი ადამიანი უნდა ჩამოიყვანოს რეგიონებიდან და ვის უნდა ჩაუსხან ბენზინი. ოპოზიციური პარტიებიც არ ატარებენ ასეთ აქციებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შეუძლია, რომ ჩაატაროს 1000-კაცამდე აქცია, დაორგანიზების გარეშე. ეს სიძლიერეა. ადამიანები კი მუდმივად ჩასაფრებულ მდგომარეობაში არიან. ივანიშვილი ჩასაფრებულია, რადგან ვერ გატეხა ეს ხალხი, პატრიოტი ადამიანები. ოპოზიციური აქტორები იმიტომ გვაკრიტიკებენ, რომ ჰგონიათ - „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ჩაძირონ, თავად გახდებიან ივანიშვილის ალტერნატივა“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე