ის საგანი, რომელიც მან გადაყლაპა, დღეის მდგომარეობით, ორგანიზმში აქვს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს ამ საგნის სამედიცინო მანიპულაციით ამოღებას, რადგან აპროტესტებს ამჟამინდელი ადმინისტრაციის და ციხის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნას, - ამის შესახებ პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატმა, სალომე ჯანუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ციხეში სიტუაცია დაძაბულია და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი.
„გიორგი თავს მხნედ გრძნობს, ასევე პატიმრებისგან მხარდაჭერას გრძნობს. ზოგადი სიტუაცია დაძაბულია, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პროვოკაციებს აქვს ადგილი. პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან და რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ის საგანი, რომელიც მან გადაყლაპა, დღეის მდგომარეობით ორგანიზმში აქვს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს ამ საგნის სამედიცინო მანიპულაციით ამოღებას, რადგან აპროტესტებს ამჟამინდელი ადმინისტრაციის და ციხის დირექტორის მინიმუმ თანამდებობაზე ყოფნას, ხოლო მაქსიმუმ იმას, რომ ის თანამშრომლები და ადამიანები, რომლებმაც მასზე ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა განახორციელეს, დღესაც თანამდებობაზე რჩებიან და დაუსჯელები არიან“, - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.