ელენე ხოშტარია - ლევან იოსელიანი ერთადერთია, რომელსაც ციხეში მუდმივად შესვლა შეუძლია - დააძალეთ, რომ ადგეს, კეთილი ინებოს და რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა დააწესოს! ეს ბიჭები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დატოვოს!

ლევან იოსელიანი, როგორი ფორმალური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას, დღეს ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანია, რომელსაც ციხეში მუდმივად შესვლა შეუძლია - დააძალეთ, რომ ადგეს, კეთილი ინებოს და [რუსთავის N6 დაწესებულებაში] მორიგეობა დააწესოს! ეს ბიჭები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დატოვოს, რადგან ყოველი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან, პროვოკაციებისა და ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან! - ამ მიმართვას საპატიმრო დაწესებულებიდან “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს.

ხოშტარია პატიმრების დასაცავად საზოგადოებასა და ადვოკატებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს, პენიტენციური სისტემის წარმომადგენლებს კი “ხმის ამოღების“ თხოვნით მიმართავს.

“ძალიან მინდა, ციხის ამბებზე საზოგადოებას მივმართო და გითხრათ, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად. ძალიან კარგად მესმის, თუ რა სიმძიმის საკითხია, როგორი საგანგებო საკითხია და ვერ მოვისვენებ, თუ ჩემს პოზიციას არ გაგიზიარებთ.

პირველი, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ყველა მსხვერპლს ამ კრიმინალური სისტემის - ყველა ადამიანს, რომელიც ახლა ამ წუთებშიც საფრთხეშია. მინდა გითხრათ, რომ ოთხი რამ არის გასაკეთებელი, რაც ამ სიტუაციას მოკლე ვადაში გამოასწორებს.

პირველი, მიმართვა კარგად გაიაზროთ და კარგად აღიქვათ, რომ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულების პატიმრები უბრალოდ პატიმრები არ არიან. ისინი არიან მძევლები კრიმინალების ხელში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გაგეგოთ, რომ ქვეყანაში არიან კრიმინალები, ადამიანები მოიტაცეს და რასაც უნდათ იმას უზამენ, სანამ არ ვუშველით, აი ამ მდგომარეობაში არიან - ნებისმიერი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან ამ ჯალათ დირექტორთან და ამ ჯალათ ოფიცრებთან, არიან საფრთხის ქვეშ.

ამიტომ საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი კონკრეტული რამ: - რაც მათ დაიცავთ, ეს არის თქვენი ხმაური, თქვენი აქტიურობა, თქვენი მოქმედება. ნებისმიერი პოსტი, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი უკმაყოფილო სიტყვა, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც დაწერთ, ამ ბიჭებს ეხმარება.

დარწმუნებული ვარ, როდესაც გამოცხადებული იქნება აქცია, გარანტიას გაძლევთ, თუ ქუჩა გაივსება, ეს ბიჭები დაცულები იქნებიან. თუ გაივსება ქუჩა და ბევრი ადამიანი გამოვა, ეს მხდალი ჯალათები ამ რაღაცების გაკეთებას ვერ გაბედავენ.

მეორე - მივმართავ ბადრაგებს, ოფიცრებს, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობენ. პირადად ვიცნობ ბევრ კეთილსინდისიერ, ძალიან პროფესიონალ, გულიან, ადამიანურ ოფიცრებს. მოგმართავთ თქვენ - ვიცი, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია. ვიცი, რომ ეს თქვენ სრულიად დაუმსახურებლად გცხებთ ჩირქს. ამიტომ გთხოვთ, თქვენც ამოიღეთ ხმა. პენიტენციური სისტემის დირექტორებო, თანამშრომლებო ამოიღეთ ხმა! ნუ იქნება ეს საჯაროდ, თუ ამის გეშინიათ - ერთმანეთში შეთანხმდით, ამოიღეთ სისტემის შიგნით ხმა და სისტემიდან ამ ჯალათების გაგდება მოითხოვეთ!

მესამე - სახალხო დამცველად წოდებული ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი კი არა, იქით დასაცავია! ლევან იოსელიანი, რაც არ უნდა ფორმალური სტატუსი ჰქონდეს, დღეს ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანია, რომელსაც მუდმივად ციხეში შესვლა შეუძლია. დააძალეთ, რომ ადგეს, კეთილი ინებოს, დააწესოს მორიგეობა და ეს ბიჭები არც ერთი წუთით მარტო არ დატოვოს, რადგან ყოველი წუთი როდესაც ისინი მარტო არიან დატოვებული, პროვოკაციების და ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან. მათ აუცილებლად რაღაც მოუვათ, თუ მოვადუნებთ ყურადღებას. ამიტომ ადგეს ეს იოსელიანი, რა უნდა ოფისში, როდესაც ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან. ყველა მათი თანამშრომელი გაბრძანდეს, წაბრძანდეს, შებრძანდეს და მათი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველა პატიმარმა დაინახოს.

მეოთხე - დიდი მადლობა ადვოკატებს, რომლებიც ძალიან აქტიურობენ. მინდა დანარჩენ ადვოკატებსაც ვთხოვო, რომ მეტია საჭირო. დავაწესოთ მორიგეობა ციხეში, დღის განმავლობაში, ექვს საათამდე მაინც თქვენ შეძლებთ, რომ იქ იყოთ, ესაუბროთ ამ პატიმრებს და ბადრაგებმაც - ამ მოძალადე ჯალათებმა დაინახონ, რომ ისინი მარტო არ არიან. გააკეთეთ ეს, დააწესეთ მორიგეობა და არ დატოვოთ არც ერთი წუთი მარტო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, პატიმრები არიან დღეს მძევლები და მათ თავის დაცვა, თუ ჩვენ ეს ოთხი პუნქტი არ გავაკეთეთ, თავად არ შეუძლიათ.

მადლობა გიორგი დავითაძეს, ძალიან დიდი მადლობა ასე სხვა პატიმრებზე და საზოგადოებაზე ზრუნვისთვის“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის გიორგი დავითაძის განცხადებით, მასზე ციხის თანამშრომლებმა სექსუალურად იძალადეს. დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე