დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საცობები თბილისელებს დააბრალა. თითქოს თბილისში საცობები განპირობებულია იმით, რომ გადაადგილდება ბევრი ადამიანი, ბევრი ავტომობილით - საცობები თბილისში არის არასწორი მენეჯმენტის, კორუმპირებული ხელისუფლების შედეგი! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთსა და იმავე ფართობზე შეიძლება ცხოვრობდეს 6 მილიონი ადამიანი, ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს და შეიძლება იგივე ფართობზე ცხოვრობდეს 1 300 000 ადამიანი, ოთხჯერ უფრო ნაკლები და თავს გრძნობდნენ ძალიან ცუდად და მთელი დღე იყვნენ საცობებში.
„მან დაასახელა ციფრი 900 000, რაც ცალსახად არის ტყუილი. ოფიციალური სტატისტიკაც რომ ავიღოთ, თბილისში 850 000-ის ფარგლებში არის რეგისტრირებული ავტომობილი და აქედან 750 000 დაახლოებით არის მსუბუქი ავტომობილი, მაგრამ ესეც არ არის სწორი სტატისტიკა, იმიტომ რომ აქ შედიან ავტომობილები, რომლებიც უკვე აღარ არიან ექსპლუატაციაში, მოძველებულია, დაშლილი და ნაწილებად გაყიდული ან ჯართში ჩაბარებულია, თუმცა არის ოფიციალურად რეგისტრირებული.
მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც ტექდათვალიერება გაიარა 2025 წელს, არის 1 300 000 ასეთი ავტომობილი. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 1 300 000 ავტომობილიდან 900 000 არის თბილისში და ისიც ყველა ერთდროულად პიკის საათში გადაადგილდება, რაც არარეალურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კახი კალაძე უბრალოდ იტყუება.
საცობები თბილისში არის არასწორი მენეჯმენტის, კორუმპირებული ხელისუფლების შედეგი. წლებია ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ინიციატივებზე, კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელსაც არ ასრულებს თბილისის მერია და დაინტერესებული არის მხოლოდ პირადი კეთილდღეობით, პირადი ინტერესებით და არ აკეთებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიც რეალურად განტვირთავდა მოძრაობას დედაქალაქში.
მაგალითისთვის, თბილისი არის 720 კვადრატული კილომეტრი, ცხოვრობს 1 300 000 ადამიანი და ქალაქში გადაადგილება არის ფაქტობრივად შეუძლებელი და ამ დროს სინგაპური არის 719 კვადრატული კილომეტრი, იქ ცხოვრობს 6 მილიონი ადამიანი და გადაადგილება არის ერთი დიდი სიამოვნება”, - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.
ინფორმაციისთვის, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2012 წლამდე, დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი იყო, დღეს კი პიკის საათში 900 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც პრობლემას წარმოადგენს. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში, იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა, საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box დაიხაზება. კახა კალაძის თქმით, აღნიშნულის საჭიროების წარმოქმნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ შუქნიშანზე, მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი გადადის გზაჯვარედინზე, ჩერდება და აბრკოლებს მოძრაობას.