გედევან ფოფხაძე - როცა რეჟიმმა გადაწყვიტა, ქუჩაში იყოს დიქტატურა, გამორიცხულია ციხეში იყოს დემოკრატია - პოლიტიკური შეკვეთაა და გვეუბნებიან: „უბრალოდ ციხეში კი არ მოხვდებით, თქვენთვის იქნება ჯოჯოხეთის ცხრა სარტყელი“

ვიდეოში, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურება, კითხვის ნიშნები არ არის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, როცა „რეჟიმმა“ გადაწყვიტა, ქუჩაში იყოს დიქტატურა, გამორიცხულია, რომ ციხეში იყოს დემოკრატია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქუჩის პროტესტის მონაწილეებს ეუბნება, რომ თუ გექნებათ რამე პრეტენზია, უბრალოდ ციხეში კი არ მოხვდებით, „თქვენთვის იქ ჯოჯოხეთის ცხრა სარტყელი“ იქნება.

„ციხეში პრობლემა ერთმნიშვნელოვნად იქნება იმიტომ, რომ როცა რეჟიმმა გადაწყვიტა, ქუჩაში იყოს დიქტატურა, გამორიცხულია, რომ ციხეში იყოს დემოკრატია. ასეთი უფლებრივი კონტრასტი ქვეყანაში ვერ იქნება. როცა რეჟიმი გეუბნება, რომ ტროტუარზე თუ დადგები, დაგიჭერ, მას არ აკმაყოფილებს ციხე, სადაც შენ უბრალოდ იხდი გარკვეულ სასჯელს.

საზღვრავენ გარკვეულ ვიწრო წრეს, სადაც უნდათ, რომ ქუჩის პროტესტი მოაქციონ. მერე იმ ვიწრო წრესაც ეუბნებიან, გაქვთ რაღაცის პრეტენზია და თავისუფლებისთვის გინდათ იბრძოლოთ, მაშინ იცოდეთ, რომ უბრალოდ ციხეში კი არ მოხვდებით, ციხეში თქვენთვის იქნება ჯოჯოხეთის ცხრა სარტყელი და ამ ყველაფერს გაგატარებთ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შეკვეთა, არაფერი არ გაექცათ, არც ბადრაგმა მოინდომა რამე, ეს იყო პოლიტიკური შეკვეთა, რომელიც რეჟიმს ახასიათებს.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ვინც მიტინგებში იღებდა მონაწილეობას, გალახულია სასტიკად. ის განცდა, რომ ციხეში ეს ხდება, მაინც განგრევს. შეიძლება შენი მისამართით არ გამოიყენონ, მაგრამ საფრთხის განცდა უფრო ანგრევს ადამიანს, ვიდრე ამ საფრთხის აღსრულება. მოლოდინი, რომ ვიღაც მოვა და გაგაუპატიურებს, არა მგონია ნაკლებად დამანგრეველი და ფსიქიკისთვის დამაზიანებელი იყოს, ვიდრე ის, რომ უშუალოდ ასეთ რაღაცას გიკეთებენ. ვიდეოში, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურება, კითხვის ნიშნები არ არის. პროპაგანდას პოზა უკავია, რომ თითქოს იქ არაფერი არ ხდება, უტიფრობაში ხსნიან ყველა რეკორდს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე