ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს , - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც კენჭს მოგვიანებით უყრიან.
რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ფუნქციონალური პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის განუყოფელი სვეტია და სასამართლო საშუალებებით ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება შეუსაბამოა დემოკრატიასთან.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი:
„აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, ანადგურებს რეჟიმის წინა ნარატივს თითქოს სამიზნე მხოლოდ “ბოიკოტში მყოფი” პარტიებია.
ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიასი, და ყველა იმ პირის, ვინც მშვიდობიანი პროტესტისთვის დააპატიმრეს;
მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს პოლიტიკურად მოტივირებულ “საბოტაჟში” ბრალდებები;
მოწოდებით გამოდის, გაწვეულ იქნას დებულებები, რომლებიც არაპროპორციულ აკრძალვებს უშვებს პარტიებისა და პირების წინააღმდეგ, ვინც ასოცირებული არიან აკრძალულ პარტიებთან;
გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად;
მოწოდებით გამოდის, დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის ხელის შეშლა;
სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი არარსებობის გამო, რათა ხელშესახები შედეგები შექმნან საქართველოში სულ უფრო მძიმე ვითარებისთვის;
ხელახლა იმეორებს თავის მოწოდებას პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ;
[ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის მხარდაჭერას; [ევროპარლამენტი] იმეორებს თავის არაერთხელ გაჟღერებულ გაფრთხილებას, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და გამორიცხავს ნებისმიერ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ;
[ევროპარლამენტი] ავალებს თავის პრეზიდენტს, რომ რეზოლუცია გადასცეს საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითდანიშნულ მთავრობას”, - ნათქვამია რეზოლუციაში.