სერგი ყანჩელი - 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, 6 იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ - მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - შევიტანე საჩივარი

აქტივისტი სერგი ყანჩელი საქართველოს პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური კავშირის დამყარების იძულებაში ადანაშაულებს.

აქტივისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ შესაბამისი პირების მიმართ საჩივარი უკვე შეიტანა, რათა მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს.

მისი მონაყოლის მიხედვით, 27 სექტემბერს, სარბენად იყო, როდესაც პოლიციამ - ჯამში 6-მა პირმა გააჩერა, გადაიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით დაუზიანეს სახე და მიბჯენით იარაღით ემუქრებოდნენ. ასევე, მისი განცხადებით, აიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას და „ეს წამება“ გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში.

აქტივისტი ამბობს, რომ მომხდარის გამო საქართველო დატოვა და ახლა უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.

„გამარჯობა მეგობრებო,

წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც.

სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ.

მომიწევს აგიხსნათ, რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში 6 პირი იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დატოვა თავისი დანაშაულის ადგილი.

მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ "აკაცუკად" და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას.

ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა.

რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ამიტომ საჩივარი შევიტანე ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული”, - წერს ის სოციალურ ქსელში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს