საგარეო უწყება - გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან" კონსენსუსით მიიღო

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.

აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს”, - წერია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე