თავიდან იუმორით შევხედე, მაგრამ მთლად სახუმარო არ არის მეგობრებო ეს სანქცია. ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს , - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე დიდი ბრიტანეთის მხრიდან მისთვის დაწესებულ სანქციებს.
მჟავანაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აღნიშნული სანქცია სადამსჯელო ოპერაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი გამიზნულია იმისთვის, რომ ის იზოლაციაში მოაქციონ.
“უნდა გითხრათ, რომ ეს [დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები] არის სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ პოლიტიკას არ ატარებენ.
თავიდან იუმორით შევხედე, მაგრამ მთლად სახუმარო არ არის მეგობრებო ეს სანქცია. ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს იმიტომ, რომ ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება. გარდა ამისა, მე დამეკისრება სანქციები სოციალურ ქსელებში. დროის ამბავია და ეს ყველაფერი გაითიშება. ეს გამიზნულია იმისთვის, რომ მე იზოლაციაში მომაქციონ და მომწყვიტონ მედია-სივრცეს”, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა “რუსეთის სანქციების რეჟიმის” ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.