ყველა დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობებით რეჟიმმა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი გადადგა ავტორიტარიზმისკენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიები აკრძალვის მცდელობების თაობაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.
“კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით. ევროკომისიამ ასე წარადგინა საქართველო 2025 წელს გაფართოების ანგარიშის წარდგენისას. სამწუხაროდ, თითქმის ერთი წლის შემდეგ თბილისის რეჟიმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს შეფასება სწორი იყო. ყველა დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობებით რეჟიმმა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი გადადგა ავტორიტარიზმისკენ.
ჰელმუტ ბრანდშტეტერმა უკვე ახსენა, 30 სექტემბერს “კონრად ადენაუერის ფონდი” და “ფრინდრიხ ნაუმანის ფონდი” იძულებულნი გახდნენ დაეხურათ თავისი ოფისები [თბილისში] უცხოურ გრანტებზე ახალი რეგულაციების გამო. ეს ამყარებს შორსმიმავალ სახელმწიფო კონტროლს საერთაშორისო დაფინანსებაზე და, ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლით სამართლით დასჯასაც ხდის შესაძლებელს.
ორივე ფონდს დეკადაზე მეტია წვლილი შეჰქონდათ პოლიტიკურ განათლებაში, დემოკრატიულ პლურალიზმსა და ევროპულ ინტეგრაციაში. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გვერდში დავუდგეთ ქართველ ხალხს, რომელთა უდიდესი უმრავლესობაც ერთიანდება ევროპული ინტეგრაციის მიზნის გარშემო”, - განაცხადა მაკალისტერმა.