ვიქტორ ყიფიანი - როდესაც ირაკლი კობახიძის ანგარიშს ვეცნობოდი, დამებადა შეგრძნება, რომ სუფრაზე ვიჯექი, თამადა ტკბილი მოგონებებისა და „დაშლა-არ მოშლის“ სადღეგრძელოს სვამდა - ის გვემშვიდობება

საქართველოში ეს თავი აუცილებლად დასრულდება, ისტორიას აქვს თავისი აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, ამიტომ მოვემზადოთ აღმავალი პერიოდისათვის, მაგრამ ამისათვის მაქსიმალურად დავაინვენტარიზიროთ ის, რაც ხელთ გვაქვს, - ამის შესახებ პოლიტიკურ პლატფორმა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროკომისიის მიერ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფაქტზე, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ნაწილში არ განიხილება, მხოლოდ ქართული მხარე არ უნდა იყოს პასუხისმგებელი.

„იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც არის, ჩვენ, ქართული მედია, პარტიული თემი, სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმუმს ვაკეთებთ. მე ვერ წარმომიდგენია ნებისმიერ სხვა ევროპულ საზოგადოებაში ასეთი, ასეთი პროცესების განვითარების შემთხვევაში ამაზე მეტი გაეკეთებინოთ. ამიტომაც, ამ ვითარებაში ჩემი მოწოდებაც, თხოვნაც და მოთხოვნაც იქნება, რომ შევქმნათ ქუჩაში ორმხრივი მოძრაობა, ამიტომ, მხოლოდ ქართულ მხარეს ნუ დავაკისრებთ საბოლოო პასუხისმგებლობას. მაქსიმალური თანამონაწილეობა უნდა იყოს ევროპის მხრიდან, მაქსიმალური გააზრება, მაქსიმალური სიმწიფე როგორც პოლიტიკური, ასევე გეოპოლიტიკური. ნუ ჩავჭრით ყველა იმ ძაფს, რომელიც ჯერჯერობით გვაკავშირებს.

ეს თავი აუცილებლად დასრულდება, ისტორიას აქვს თავისი აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, ამიტომ მოვემზადოთ აღმავალი პერიოდისათვის, მაგრამ ამისათვის მაქსიმალურად დავაინვენტარიზიროთ ის, რაც ხელთ გვაქვს, მათ შორის, არამარტო ჩვენი მედეგობა, არამედ მაქსიმალური პოლიტიკური ნება და სიმწიფე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - აღნიშნა მან.

ყიფიანმა ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიში, რომელიც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განიხილა და რომლის შემდეგაც საზოგადოების ნაწილში გაჩნდა ვარაუდი, რომ აღნიშნული ნაადრევი ანგარიში შეიძლება კობახიძის თანამდებობიდან წასვლის მომასწავებელი ყოფილიყო.

ყიფიანმა კობახიძის ანგარიში „დაშლა-არ მოშლის“ სადღეგრძელოს შეადარა და აღნიშნა, რომ მისი სხვა პრემიერ-მინისტრით ჩანაცვლება ეს არ იქნება მხოლოდ ჩანაცვლება და მოსალოდნელი საკადრო ცვლილება შესაძლოა უფრო მეტის მომასწავებელი იყოს.

„როდესაც ირაკლი კობახიძის ანგარიშს ვეცნობოდი, უნებლიედ დამებადა შეგრძნება, რომ სუფრაზე ვიჯექი და თამადა ტკბილი მოგონებების და დაშლა-არ მოშლის სადღეგრძელოს სვამდა.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის გვითქვამს, მთლიანად არქიტექტურა ისე არის მოწყობილი, რომ თითქოსდა ასეთი სახეების ჩანაცვლება დიდად არაფერს არ ნიშნავს და სისტემა ისეა აგებული, რომ ყველას ერთი წოდება აქვს - ფოსტალიონის, ანუ ამბის მიმტანის, უბრალოდ ზოგი მაღალი კვალიფიკაციის ფოსტალიონია, ზოგი საშუალო და ზოგიც დაბალი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის არის, მაგრამ არც მეტი და არც ნაკლები, ფოსტალიონია, ამიტომ თითქოსდა რა იცვლება ამით, რომ ერთი საფოსტალიონო ფუნქცია ჩანაცვლდება მეორე ინდივიდით, რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებს, თუმცა, გარკვეულ ნიუანსებს მაინც აქვს მნიშვნელობა.

თუ მისი „დაშლა-არ მოშლის სადღეგრძელო“ ნიშნავს იმას, რომ ბატონი კობახიძე გვემშვიდობება, ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ბატონ კობახიძეს ახასიათებს გარკვეული უარყოფითი აურა, რომელიც უკვე ამ ორი წლის გადმოსახედიდან „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლოდ არ მოქმედებს. მან საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობრივი, მცდარი და უარყოფითი გადაწყვეტილებები საკუთარ თავზე აიღო, ამიტომ თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მემკვიდრეობა გარკვეულწილად იქნეს გადაშლილი, მე მაინც უყურადღებოდ არ მოვეკიდებოდი ამას.

1-ელ ოქტომბერს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საგანგებოდ არ მიმართა საზოგადოებას და მენიშნა, ხომ არ არის ეს რაიმე უფრო მეტის მომასწავებელი. საპატიო თავმჯდომარე [ბიძინა ივანიშვილი] მეტწილად არის ინდივიდუალური მოთამაშე, ამიტომ მას ხშირად სჩვევია ასეთი ჩანაცვლებები ფართო გუნდური ინტერესების გაუთვალისწინებლად, ამიტომ თუ ასეთი ჩანაცვლება მოხდება, რომ „ქართული ოცნებისათვის“ არცთუ უსახო ფიგურა, როგორიც არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვა პრემიერ-მინისტრით ჩანაცვლდება, ხომ არ არის ეს არა უბრალოდ პრემიერის ჩანაცვლება, არამედ რაღაც განსხვავებულის მომასწავებელი“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე