„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, ყველანაირ კრიტიკას ცდება და „გედის სიმღერაა, წასვლის მომასწავებელია“.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არასდროს ჰყოლია ისეთი ბოროტი პრემიერი, როგორიც ირაკლი კობახიძეა.
„კობახიძემ თქვა, რომ პენიტენციური სისტემა მაღალ დონეზე აკონტროლებს ვითარებას. რას ნიშნავს კონტროლი კობახიძის გადასახედიდან? უკვე ამდენი პატიმარი გამოდის და აცხადებს, რომ გიორგი დავითაძის ამბავი ვიცით, რა საშინელება გაიარა მან. სხვა პატიმრების წერილები ვრცელდება, ადვოკატები აცხადებენ, რომ არის ზეწოლა პატიმრებზე, ფიზიკური ანგარიშსწორება, ძალადობა, მუქარა და ა.შ. კობახიძის გადასახედიდან კონტროლი ალბათ ნიშნავს იმას, რომ ცხრა კაცი ცხოველებივით დაახტეს პატიმარს დეესკალაციის ოთახში. მათ მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ეს ეტყობა ჩხრეკაა. თავად ის პოზა, რა პოზიციაც მიაღებინეს პატიმარს, ეს უკვე არის მისი ღირსების შემლახავი. ის ფაქტი, რომ ექიმი კი არ აწარმოებს სხეულში შეღწევას, არამედ რეზინის ხელთათმანიანი ბადრაგის ერთ-ერთი წევრი, ესეც კანონის უხეში დარღვევაა. პატიმარს დეესკალაციის ოთახში, სადაც ის არის აბსოლუტურად დაუცველი და ბადრაგის სახით სახელმწიფო უნდა იცავდეს, 9 თუ 10 კაციანი ცხოველთა, ველურთა დაჯგუფება ახტება.
კობახიძის შეფასებით ასეთ მაღალ დონეზე კონტროლდება თურმე ვითარება და მე მოვუწოდებ მას, შებრძანდეს იქ და ეს ექსპერიმენტი დეესკალაციის ოთახში საკუთარ თავზე გაიაროს. თვითონ წამოწვეს იქ და დაიწვინოს ზემოდან 9-10 კაციანი ბადრაგთა დაჯგუფება და იწვნიოს მე-6 პენიტენციური დაწესებულების ის სიკეთეები, რა სიკეთეებითაც ეს დაწესებულება უსწორდება პატიმრებს.
ხელისუფლების განცხადებები ყველანაირ კრიტიკას ცდება. ეს განცხადებები წასვლის მომასწავებელია. კობახიძის გედის სიმღერაა ის არაადეკვატურობა, აბსოლუტური აცდენა რეალობისგან. ასეთ ბოროტი პრემიერი ჩვენ არ გვყოლია. არცერთი წინა პრემიერი არ გამოირჩეოდა ასეთი გულღრძოობით, გულცივობით, ულმობელობით. ახლა წასვლის დროა და გედის სიმღერას მღერის, დღევანდელი გამოსვლაც ამის ანარეკლია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
კობახიძის განცხადებას, რომ გამოძიება მალე დასრულდება, ირმა ინაშვილი შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „კობახიძეს ვეუბნები, შენც მალე დასრულდები, თუ უკვე დასრულებული არ ხარ“.
ინაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უკვე მისულია იმ წერტილამდე, რომ ირაკლი კობახიძე შეცვალოს.
„პასუხისმგებლობას ცხადია ყველა ინაწილებს და სწორედ აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი რომ გაანალიზებს ამ ვითარებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის უკვე მისულია იმ სტადია და წერტილამდე, რომ ის[ირაკლი კობახიძე] უნდა შეცვალოს. არ ვიცი, ვისით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ვინც იქნება, არ იქნება გამორჩეული ნულოვანი თანაგრძნობით და სხვა პოლიტიკის გატარება მოუწევს, უფრო რბილი და ჰუმანური პოლიტიკის გატარება და არა ასეთი რობოტული“, - განაცხადა ირამა ინაშვილმა.