ევროკავშირი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, რომ შეაბრუნოს თავისი საზიანო ქმედებები, ცვლილებები შეიტანოს ანტიდემოკრატიულ კანონებში და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ოპოზიციის წევრები, - ამის შესახებ გარემოს საკითხებში ევროკომისარმა, ჯესიკა როზველმა ევროპარლამენტში დებატებზე განაცხადა.
ევროკომისარი ხელისუფლებას მოუწოდა, არსიან დიალოგში ჩაერთოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ნდობა აღადგინოს.
ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე, რათა ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავალი ვიპოვოთ.
“ქართული ოცნების” პირობებში საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ ნორმებთან და მისი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზასთან დაშორებას. ის, რასაც ვხედავთ, სისტემატური თავდასხმაა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ფუნდამენტურ უფლებებზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და კანონის უზენაესობაზე.
ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა შეიტანეს 2028 წლის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად, ამ შაბლონის ნაწილია. მსგავსი ქმედებები დემოკრატიის გულში ურტყამენ და ძირს უთხრიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბი უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. 2025 წლის ევროკომისიის გაფართოების ანგარიშმა ეს ნათელი გახადა.
რეფორმების გატარებისა და ევროკავშირთან დაახლოების მაგივრად საქართველოს ხელისუფლებამ ქმედებები განახორციელა, რომლებიც კანონის უზენაესობას უთხრიან ძირს და ავიწროებენ სამოქალაქო სივრცეს. ისინი აგრძელებენ ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას და დეზინფორმაციას, რომლის მიზანიცაა საქართველოს მოქალაქეებში ევროკავშირისადმი ნდობისთვის ძირის გამოთხრა.
პარლამენტის ღირსეულო წევრებო, ქართველი ხალხი დიდი ხანია მიისწრაფვის ევროპული ოჯახის წევრობისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას მიმდინარე გამოწვევების ფონზე. და გამოწვევების ფონზე ევროკავშირმა ასევე უპასუხა - ჩვენ დავაქვეითეთ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები, ასოცირების შეთანხმების ორგანოების შეხვედრები შევაჩერეთ და შევაჩერეთ მხარდაჭერა, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ხელისუფლებისთვის. 2026 წლის მარტში ჩვენ შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებისთვის.
ამავდროულად, მყარად ერთგულები ვრჩებით მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას. ევროკავშირი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, რომ შეაბრუნოს თავისი საზიანო ქმედებები, ცვლილებები შეიტანოს ანტი-დემოკრატიულ კანონებში და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ოპოზიციის წევრები. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ არსიან დიალოგში ჩაერთოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ნდობა აღადგინოს. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ პატივისცემაზე, რათა ჩვენს ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავალი ვიპოვოთ.
ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ ევროპულ მისწრაფებებს”, - განაცხადა როზველმა.