მკაფიოდ უნდა ითქვას: „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“. პაპუაშვილს და სხვებს საბჭოთა დროში დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისი მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვით, “ქართულ ოცნებას” სურს, ქვეყანა საბჭოთა დროში დააბრუნოს.
“მათ სურთ, მთელი საქართველო DeLorean-ში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რადგან პოლიტიკური პარტიები იკრძალება. რაც შეეხება სასამართლო სისტემას - ეს ისეთი რამაა, რისაც კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ. ეს რეკონსტრუქციის ჯგუფი უნდა დაიშალოს, რადგან საქართველო თავისუფალი ერია, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ევროპული ერი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეჟიმის დაცემა მაშინ იწყება, როდესაც თავისუფალი სამყარო ხალხს ნათლად აჩვენებს, რომ მოქმედების დროა. დროა, სანქციები დაუწესდეს იმ „მწვანე“ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.