ალექსანდრე გოგინავა - „შავი ჭირის“ რუსეთის გარეთ გავრცელების შანსი არის ძალიან დაბალი, მაგრამ თეორიულად შეიძლება, თუ დავუშვებთ, რომ სრულად არ გვაქვს ინფორმაცია და ადგილზე უფრო მძიმე ეპიდსიტუაციაა

წარმოუდგენელია, რომ შავმა ჭირმა ისეთი სწრაფი გავრცელების ფორმა მიიღოს, როგორც კოვიდის დროს იყო. ზოგადად, ბაქტერიულ ინფექციებს არ ახასიათებთ რესპირატორული გზით ისე სწრაფად გავრცელება, რომ ფართომასშტაბიანი პანდემიები გამოიწვიონ, როგორც ეს ვირუსებს, იგივე კორონავირუსს შეუძლია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ინფექციონისტმა იმ რისკებსა და გავრცელების მასშტაბებზე ისაუბრა, რომელიც შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას მოჰყვება და აღნიშნა, რომ შავი ჭირი არის ბაქტერია, რომელიც მძიმეა და, შესაბამისად, მის გავრცელებას დაინფიცირებულთან ახლო, მჭიდრო და ინტენსიური კონტაქტი სჭირდება. მისივე თქმით, შავი ჭირის რუსეთიდან გასვლის თეორიული შანსი ძალიან დაბალია.

„არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, თუ რატომ არ შეიძლება კოვიდპანდემიისა და შავი ჭირის ლოკალური ეპიდაფეთქების შედარება. პირველ რიგში, კოვიდი არის ვირუსი, შავი ჭირი არის ბაქტერია. კოვიდითა და სხვა ვირუსული ინფექციებით, რომელიც რესპირატორული გზით ვრცელდება, ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს საკმაოდ დიდ მანძილზე. გარკვეულ შემთხვევებში, 4-5 მეტრზე შეიძლება დაინფიცირება. როდესაც საუბარი გვაქვს შავ ჭირზე, ის არის ბაქტერია, ბევრად უფრო მძიმეა და იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, მინიმუმ 2 მეტრზე უფრო ახლო კონტაქტი უნდა იყოს და ასევე უნდა იყოს ინტენსიური კონტაქტი. შესაბამისად, ამ დაავადების ფართომასშტაბიანი და სწრაფი გავრცელება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

პულმონური შავი ჭირი იმდენად მძიმე დაავადებაა, რომ 24 საათიდან 72 საათში შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს. ადამიანისგან მაშინ არის უკვე გადამდები, როდესაც კლინიკური სურათი ვლინდება, ხველა და ინტოქსიკაციის სხვა მოვლენები ეწყება. დაინფიცირებულ ადამიანს გრძელ მარშრუტზე გადაადგილებაც არ შეუძლია, აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რომ შავმა ჭირმა ისეთი სწრაფი გავრცელების ფორმა მიიღოს, როგორც კოვიდის დროს იყო. ზოგადად, ბაქტერიულ ინფექციებს არ ახასიათებთ რესპირატორული გზით ისე სწრაფად გავრცელება, რომ ფართომასშტაბიანი პანდემიები გამოიწვიონ, როგორც ეს ვირუსებს, იგივე კორონავირუსს შეუძლია.

ამ ეტაპზე მსგავსი მოლოდინი, რომ ამ პულმონური შავი ჭირის საერთაშორისო გავრცელება იქნება, ჯერ დასამტკიცებელია, რამდენად ეგ არის, მაგრამ დავუშვათ, რომ პულმონური შავი ჭირია, გავრცელების თვალსაზრისით ამის ალბათობა ძალიან დაბალია და ყველაზე უფრო ცუდ სცენარში შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, რომ ლოკალურად შეიძლება იყოს უფრო მეტი შემთხვევა, ვიდრე ამჟამად გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია და ერთეული შემთხვევების გავრცელება შეიძლება მოხდეს, როგორც თავად რუსეთის მასშტაბით და რუსეთის გარეთ გავრცელების შანსი არის ძალიან დაბალი. თეორიული შანსის დაშვება შეიძლება, ისიც თუ დავუშვებთ იმას, რომ რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს ინფორმაცია არ არის სრული და იქ უფრო მძიმე ეპიდსიტუაციაა“, - აღნიშნა გოგინავამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე