კანდიდატის სტატუსი ისევ “ქაღალდზე” - ბრიუსელი პოზიციას არ ცვლის, რას პასუხობენ თბილისიდან
ექნება თუ არა “ჩალის ფასი” ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას
“დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის” - “პეტრიოტების” დეფიციტის ფონზე რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას ანადგურებს
* * *
კანდიდატის სტატუსი ისევ “ქაღალდზე” - ბრიუსელი პოზიციას არ ცვლის, რას პასუხობენ თბილისიდან
“ევროკავშირი ძველ პოზიციას ინარჩუნებს და თბილისს კვლავ ეუბნება, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი მხოლოდ ქაღალდზეა. ეს გზავნილი ბრიუსელიდან იმ ფონზე მოდის, როდესაც ერთი დღით ადრე “ოცნებაში” იმედოვნებდნენ, რომ საბოლოო ჯამში “ევრობიუროკრატებს თვალის გასწორება მოუწევთ” და საქართველოსთან მიმართებით რეალობას სხვაგვარად დაინახავდნენ. თუმცა, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებამ აჩვენა, რომ ბრიუსელი ამ ეტაპზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს და საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშიც აისახება. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და “ქართული ოცნების” დაპირისპირების მთავარი მიზეზი დემოკრატიული რეფორმების საკითხია, ნაწილის შეფასებით კი, ევროკავშირის ახალი მიდგომები მხოლოდ გაფართოებას არ ემსახურება და რეალურად კავშირის კიდევ უფრო ცენტრალიზებისა და წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვის რისკებს შეიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კანდიდატის სტატუსი ისევ “ქაღალდზე” - ბრიუსელი პოზიციას არ ცვლის, რას პასუხობენ თბილისიდან.
“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინათ და რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყვნენ, საქართველო დღეს, უკრაინის მსგავსად ომისგან დანგრეული ქვეყანა იქნებოდა. “მე მგონი, ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო გასაკეთებელი... რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო ეკონომიკურად იქნებოდა ისეთი დაზიანებული, როგორც მოლდოვა... საქართველო, დიდი ალბათობით, სამხედრო კონფლიქტში, ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ომისგან ისეთივე დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც არის უკრაინა”, - მიიჩნევს პაპუაშვილი, რომლის აზრით, “ ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გაიმეოროს, მაგრამ ჯობია, იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ახალი მიდგომები განსაკუთრებით პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ქვეყნებზე ფინანსური და პოლიტიკური ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობა გაზარდოს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ ევროკავშირისა და “ოცნების” დაპირისპირების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვს, მმართველ გუნდს კი ამ მოთხოვნების შესრულება ძალაუფლების შენარჩუნებას უშლის ხელს. მისი თქმით, “ოცნებამ” დასავლეთთან არსებული წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა და ევროკავშირის განცხადებებსა თუ რეზოლუციებს მისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მისი თქმით, ვითარების შეცვლა მხოლოდ ძლიერი სამოქალაქო პროტესტის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა, დღეს ასეთი პროტესტი არ ჩანს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები პოლიტიკური ცინიზმის ნათელი მაგალითია. ბრიუსელი ცდილობს, დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების საბაბით, ტოტალური კონტროლის სისტემა დაამყაროს. რა დგას რეალურად ამ ცვლილებების უკან? ვეტოს ინსტიტუტის დემონტაჟი: მარტა კოსის ინიციატივით ერთსულოვნების პრინციპის კვალიფიციური უმრავლესობით ჩანაცვლება სუვერენულ სახელმწიფოებს ართმევს უფლებას, დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები ბრიუსელის კარნახის წინააღმდეგ; 15-წლიანი “პრობაციის” პერიოდი: თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს; იდეოლოგიური დიქტატი: ევროკომისრის ღია განცხადებები იმის შესახებ, რომ “აღარ იქნება ახალი ორბანები”, ადასტურებს, რომ კავშირში განსხვავებული აზრი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა დანაშაულად არის გამოცხადებული; ეკონომიკური პროტექციონიზმი: კანდიდატი ქვეყნების (განსაკუთრებით უკრაინის) აგრარული სექტორის მკაცრი შეზღუდვა ახალ წევრებს სამუდამოდ მეორეხარისხოვან პერიფერიად ტოვებს. ბრიუსელის ახალი სტრატეგია არ არის მზადება დემოკრატიული გაფართოებისთვის - ეს არის ცენტრალიზებული ბიუროკრატიული სისტემა, სადაც ეროვნული სუვერენიტეტი ფიქციად იქცევა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ევროკავშირის პოზიცია კარგა ხანია ვიცით: ისინი საქართველოში რეფორმების გატარებას ითხოვენ, “ქართულ ოცნებას” კი არ სურს მათი განხორციელება. მთელი პრობლემაც სწორედ ამაშია. რა თქმა უნდა, ღირებულებებზე საუბარი რელევანტური არაა. ევროკავშირი ჩვენგან არც ომში ჩართვას ითხოვს და არც რაიმე მსგავსს - ის უბრალოდ მოითხოვს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მათ გამართულ ფუნქციონირებას. თუმცა, “ოცნება” ამ ყველაფერს უკუღმა ატრიალებს, თითქოს ომში ჩართვას სთხოვდნენ. მსგავსი ოფიციალური განცხადება არასდროს გაკეთებულა, მით უმეტეს, 2008 წელი მათაც კარგად ახსოვთ, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. “ქართულმა ოცნებამ" გადაკვეთა ის წითელი ხაზები, რომლებიც ყველა წინა ხელისუფლების დროს არსებობდა ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის. არსებულ სიტუაციაში “ოცნებას” ეს ყველაფერი ხელს აძლევს. მთავარი გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც მმართველმა გუნდმა ანტიდასავლური პროპაგანდა დაიწყო და ამას, პირველადი აღშფოთების გარდა, უფრო მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“რაკი “ოცნებამ” ეს ეტაპი გადალახა - მით უმეტეს, დღევანდელი ოპოზიციის პირობებში, მისთვის უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ან როგორი იქნება მისი დამოკიდებულება. ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმები “ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნებაში უშლის ხელს. მისთვის კი, როგორც წარსულში, ისე დღესაც, პირველ ადგილზე სწორედ ძალაუფლების შენარჩუნება დგას. რადგან წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა რეზოლუციას მიიღებენ, ან რა განცხადებები გაკეთდება. მთავარია, მოჰყვება თუ არა ამას მძლავრი პროტესტი. ასეთი პროტესტის შემთხვევაში “ოცნება” უკან დაიხევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროტესტი დღეს არაა და მმართველ პარტიას ყველაფერი გასდის. შესაბამისად, მარტა კოსის, თუ ურსულა ფონ დერ ლაიენისა განცხადებები მათ ნაკლებად აღელვებთ”, - დასძენს ძაბირაძე.
ექნება თუ არა “ჩალის ფასი” ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას
“ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებს. დოკუმენტზე კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა, რომლის თემაც “ქართული ოცნების” მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებია. რეზოლუციას ევროპარლამენტარები 8 ოქტომბერს უყრიან კენჭს. როგორც ცნობილია, დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული შეფასებები და კონკრეტული მოწოდებები იქნება სანქციების დაწესების თაობაზე. მმართველ გუნდში ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციებს რეალური ფასი არ აქვს. მათი შეფასებით, ახალი დოკუმენტიც საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა იქნება და წინა გადაწყვეტილებებისგან არსებითად არ განსხვავდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ექნება თუ არა “ჩალის ფასი” ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას - “იგივე მოლოდინი გვაქვს”.
“უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე “ქართული ოცნების” სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სარჩელის განხილვის ახლა დაწყება არის პირდაპირი გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ “საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მათი მმართველობის პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს”. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - “მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ” 7 ოქტომბერს გაიმართა. აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კი კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და რეზოლუციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იქნება `კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე იმ ხალხის მხრიდან, რომელთა უკანაც დგას ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი სახელმწიფოდ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ “ოცნების” იმედი, თითქოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას რეალური შედეგი არ მოჰყვება, შესაძლოა უსაფუძვლო აღმოჩნდეს. მისი თქმით, თუ საკითხი ევროპულ საბჭომდე მივა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, მმართველი გუნდისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას უკვე “ჩალის ფასი” აღარ ექნება. ნიკა ჩიტაძე ასევე აღნიშნავს, რომ ვითარება წინა პერიოდთან შედარებით შეცვლილია, რადგან უნგრეთი საბჭოში ამ გადაწყვეტილებას ვეღარ დაბლოკავს, თუმცა მნიშვნელობა ექნება სლოვაკეთისა და ბულგარეთის პოზიციებსაც. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ დოკუმენტს ქართველი ხალხისთვის არანაირი რეალური ძალა და ფასი არ ექნება, და რომ ოპოზიცია ამაოდ ელოდება ევროპული სტრუქტურებისგან მხარდაჭერას, ხოლო თავად ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს ალოგიკურს და ურთიერთსაწინააღმდეგოს უწოდებს”, - დასძენს გამოცემა.
“იმედი აქვთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია განსახილველად აღარ გადაეცემა აღმასრულებელ სტრუქტურას - მაგალითად, ევროპულ საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებას სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციების საფუძველზე იღებს. ადრე ევროპარლამენტმა რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს მაღალჩინოსნების დასანქცირებას ითხოვდნენ, თუმცა ისინი უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. სწორედ ამიტომ აცხადებდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ქედმაღლურად, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას “ჩალის ფასი” აქვს. დღეს ვითარება შედარებით შეცვლილია, უნგრეთი აღარ დაბლოკავს, თუმცა, გასათვალისწინებელია იგივე სლოვაკეთისა და ბულგარეთის პოზიციებიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივე ქვეყანა ევროკავშირის ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხებს იღებს, თავის დროზე ორბანს უფრო მეტი წონა ჰქონდა და მაშინ დაბლოკა. შესაბამისად, თუ ევროპულმა საბჭომ შესაბამისი დადგენილება მიიღო, “ქართული ოცნებისთვის” ამ რეზოლუციას “ჩალის ფასი” აღარ ექნება. რაც შეეხება ზოგადად რეზოლუციებს - იქნება ეს ევროპარლამენტის თუ გაეროს რეზოლუცია - ამ შემთხვევაში, ისინი არა სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათისაა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ამ რეზოლუციასაც ზუსტად ისეთივე ძალა ექნება ქართველი ხალხისთვის, როგორიც ყველა დანარჩენს ჰქონდა. ადგილობრივი, გაუქმების მოლოდინში მყოფი პირები თუ ე.წ. პარტიები სინამდვილეში კი “მეხუთე კოლონა” სწორედ იმიტომ ატოკდნენ, რომ ახლა ელოდებათ ის, რასაც იმსახურებენ. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება მორიგი რეზოლუცია, რომელზეც ქართველი ხალხი დიდი ხანია ამბობს, რომ წერონ და იკითხონო. ჩალის ფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს, ვიდრე ამ რეზოლუციას ექნება. ევროკომისია თავადვე ატარებს გამოკითხვებს და საკუთარ კვლევებში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნდობის რეიტინგით ევროპის საუკეთესო ათეულშია და მეხუთე ადგილს იკავებს. ახლა, ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს?! ისე აიბლანდნენ და აირივნენ ერთმანეთში, რომ უკვე სრულიად ალოგიკურ და საკუთარი თავის საწინააღმდეგო რეზოლუციებს იღებენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის” - “პეტრიოტების” დეფიციტის ფონზე რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას ანადგურებს
“უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა გასულ ღამეს ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას “გარდიანი” ავრცელებს. ზელენსკის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში პრილუკის, დნიპროს, კრემენჩიკის, ზაპორიჟიას და კიევის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 34-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. “ეს იყო დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთის ბალისტიკური რაკეტები უდიდეს გამოწვევად რჩება. “საჰაერო თავდაცვის პაკეტი ჩვენთვის ახლა უკიდურესი მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ვეძებთ რაკეტებს Patriot-ის სისტემებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და აუცილებლად უნდა დაიცვან ადამიანთა სიცოცხლე აქ, უკრაინაში”, -განაცხადა ზელენსკიმ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის” - “პეტრიოტების” დეფიციტის ფონზე რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას ანადგურებს.
“საერთაშორისო და სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ეს მასშტაბური დარტყმები რამდენიმე ძირითად მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, თავდასხმის დამთხვევა ვლადიმერ პუტინის დაბადების დღესთან მიუთითებს კრემლის მიერ სიმბოლური თარიღების გამოყენების ტაქტიკაზე, რომლის მიზანიც უკრაინის მოსახლეობის დემორალიზება და რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის ძალის დემონსტრირებაა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზამთრის წინა პერიოდში ენერგოსისტემის, ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების მიზანმიმართული დაბომბვა კრემლის გათვლილი სტრატეგიაა, შექმნას მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, მოსახლეობა დატოვოს სითბოსა და შუქის გარეშე და ამით აიძულოს უკრაინის ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს.”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამასთანავე, სამხედრო სპეციალისტები ხაზს უსვამენ ბალისტიკური რაკეტების განსაკუთრებულ საფრთხეზე. მათი მაღალი სიჩქარისა და ფრენის მოკლე დროის გამო, სტანდარტული საჰაერო თავდაცვის სისტემები მათ მოგერიებას ვერ ახერხებენ, რაც ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ძალიან დაუცველს ტოვებს. ანალიტიკოსთა აზრით, ზელენსკის ეს განცხადება პირდაპირი გზავნილია დასავლელი პარტნიორებისადმი - უკრაინას Patriot-ის ტიპის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების მწვავე დეფიციტი აქვს, ხოლო პარტნიორების მხრიდან სამხედრო დახმარების დაგვიანება პირდაპირ აისახება მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლსა და ქვეყნის ენერგოსისტემის ნგრევაზე”, - დასძენს გამოცემა.