ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პარტია „ჯერ საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრს და ყოფილ დიპლომატს, ნიკოლოზ, ხატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, 6 ოქტომბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა კომუნიკე „მზადება უფრო ფართო ევროკავშირისთვის“. დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მომზადებას ეხება.

საქართველოს თემაზე ევროპარლამენტი იმსჯელებს, მაგრამ, ევროკომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ისეთია, ძნელი სავარაუდოა, რომ მასში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნას შეტანილი.

ევროკომისიის ახალი დოკუმენტი - საქართველო გაფართოების მიღმა, რუსეთის გავლენის კონტექსტში საქართველო 25-გვერდიან ძირითად კომუნიკეში საერთოდ არ არის ნახსენები. საქართველოს შესახებ ჩანაწერები კი სწორედ თანდართულ სამუშაო დოკუმენტშია, მათ შორის უსაფრთხოების, სტრატეგიული არჩევანისა და რუსეთის გავლენის კონტექსტში.

ამ დოკუმენტის დასკვნა საქართველოსთან დაკავშირებით ასე გამოიყურება - საქართველოს ევროპული ინტეგრაციისგან დისტანცირება ნიშნავს არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის დაკარგვას, არამედ უსაფრთხოების ვაკუუმის შექმნას რუსული ოკუპაციის პირობებში. ეს ვაკუუმი კი ზრდის რუსეთის პოლიტიკური და უსაფრთხოების გავლენის რისკს საქართველოში.

ფაქტია, რომ ამ დოკუმენტით საქართველო გაფართოების დღის წესრიგის მიღმაა. ამ კონტექსტში ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა საქართველო „კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ ქაღალდზე“ დაახასიათა და განაცხადა, რომ სურს, საქართველო იმავე დონეზე იყოს, რომელზეც მოლდოვა და უკრაინა არიან.

საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

თუმცა, დოკუმენტში ნათქვამია რომ საქართველოსთან, ტექნიკური თანამშრომლობა კვლავ გრძელდება - საქართველო მონაწილეობს ენერგეტიკის, ტრანზიტის, ინოვაციის, კულტურისა და სხვა პროგრამებში. თუმცა ეს თანამშრომლობა ვერ ცვლის მთავარს: პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესი გაყინულია.

ევროკომისია საკმაოდ ზუსტად აღწერს იმ არჩევანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლებია ცდილობს ბუნდოვანი გახადოს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერებს?

სავარუდოდ, რას შეიძლება ის ნიშნავდეს - საქართველოს ევროპული პერსპექტივა საბოლოოდ დახურულია თუ არა?

- დღეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ჩიხშია შესული და რბილად რომ ვთქვათ, უმძიმეს მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა საბოლოოდ დახურული არ არის, თუმცა „ქართული ოცნების“ მოქმედი პოლიტიკური კურსის პირობებში ევროკავშირში გაწევრიანება არარეალისტურ ამოცანად მიმაჩნია. ფორმალურად ქვეყანას ჯერ კიდევ გააჩნია კანდიდატის სტატუსი, თუმცა ხელისუფლების პოლიტიკა ამ სტატუსს რეალური შინაარსისგან ცლის.

დღეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ჩიხშია შესული. თუმცა, „ქართული ოცნების“ მოქმედი პოლიტიკური კურსის პირობებში ევროკავშირში გაწევრიანება არარეალისტურ ამოცანად მიმაჩნია. ფორმალურად ქვეყანას ჯერ კიდევ გააჩნია კანდიდატის სტატუსი, თუმცა ხელისუფლების პოლიტიკა ამ სტატუსს რეალური შინაარსისგან ცლის

ამ დოკუმენტის მნიშვენლობა კარგად ჩანს საერთო ევროპულ კონტექსტში. ევროკავშირი აქტიურად ემზადება გაფართოებისთვის პრაქტიკულ კონტექსტში. ის აქტიურად განიხილავს ინსტიტუტების, გადაწყვეტილებების მიღებისა და დაფინანსების მექანიზმების ადაპტაციას. პარალელურად, ევროკომისია მონტენეგროსთვის, ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კონკრეტული გზამკვლევის მომზადებას გეგმავს, რეფორმების შენარჩუნების პირობით. ეს ნიშნავს, რომ გაფართოების შესაძლებლობა რეალურია. საქართველოს ხელისუფლება კი ქვეყანას ამ შესაძლებლობის გამოყენებას აშორებს.

აქ საჭიროა დაზუსტებაც. ძირითად კომუნიკეში საქართველოს არხსენება თავისთავად არ ნიშნავს, რომ გაგვიუქმდა ევროპის კავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ან სამუდამოდ უარი გვეთქვა წევრობაზე.

თანმხლები სამუშაო დოკუმენტი საქართველოს კვლავ გაფართოების კონტექსტში განიხილავს, თუმცა პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დეფაქტო შეჩერებულია. შესაბამისად, პოლიტიკური პრობლემა ის არის, რომ საქართველო რეალურად წინსვლის პროცესს გაეთიშა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია. შესაბამისად, პოლიტიკური პრობლემა ის არის, რომ საქართველო რეალურად წინსვლის პროცესს გაეთიშა

ეს მდგომარეობა დღეს არ ჩამოყალიბებულა. ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევად შეაფასა და პროცესის ფაქტობრივი შეჩერება დააფიქსირა.

ამიტომ დღევანდელი ვითარების მხოლოდ რომელიმე ევროკომისრის ან მაღალჩინოსნის დამოკიდებულებით ან „ბრიუსელის უსამართლობით“ ახსნა პასუხისმგებლობიდან გაქცევაა.

ხელისუფლებამ კარგად იცოდა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, თუმცა მან ასეთი პოლიტიკური კურსი მაინც გააგრძელა.

მარტა კოსის შეფასებაც, სადაც ის საუბრობს საქართველოზე, როგორც „კანდიდატ ქვეყანაზე მხოლოდ ქაღალდზე“, სწორედ ფორმალურ სტატუსსა და რეალურ პოლიტიკას შორის დაშორებას ასახავს. ამასთან, მისი სურვილი, რომ საქართველო მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს, მიანიშნებს, რომ საქართველოს წინსვლა კვლავ დღის ევროპის კავშირის დღის წესრიგსა და ინტერესებშია. დღეს რეალური პრობლემა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ მიმართულებაშია.

სურვილი, რომ საქართველო მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს, მიანიშნებს, რომ საქართველოს წინსვლა კვლავ დღის ევროპის კავშირის დღის წესრიგსა და ინტერესებშია. დღეს რეალური პრობლემა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ მიმართულებაშია

განსაკუთრებით მძიმეა უსაფრთხოების განზომილება. დოკუმენტი მიუთითებს საქართველოს დაბალ შესაბამისობაზე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და განიხილავს გაფართოებას რუსეთის გავლენის შეზღუდვის საშუალებად. ვფიქრობ, რომ ევროპული ინტეგრაციისგან დისტანცირება ზრდის საქართველოს სტრატეგიულ მოწყვლადობას. რუსული ოკუპაციის პირობებში დასავლეთთან პოლიტიკური კავშირების დასუსტება ამცირებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ გარე ზეწოლას ინსტიტუტებითა და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით გავუმკლავდეთ.

როდესაც ხელისუფლება არსებულ პოლიტიკურ კურსს „სუვერენიტეტის დაცვად“ წარმოაჩენს, ალბათ მთავარი კითხვა უნდა დავსვათ: როგორ ძლიერდება სუვერენიტეტი, თუ ქვეყანა კარგავს საერთაშორისო ნდობას, პარტნიორებთან პოლიტიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას და ოკუპანტი რუსეთის ზეწოლის წინაშე უფრო მოწყვლადი რჩება? რეალური დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვას სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტები, დივერსიფიცირებული ეკონომიკა და სანდო საერთაშორისო პარტნიორები.

რეალური დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვას სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტები, დივერსიფიცირებული ეკონომიკა და სანდო საერთაშორისო პარტნიორები

ევროკომისიის ახალი მიდგომა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას აჩვენებს. ევროკავშირი დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ უფრო ძლიერ დამცავ მექანიზმებს განიხილავს, მათ შორის მომავალი წევრებისთვისაც. აქედან გამომდინარე დასკვნა ძალიან მარტივია. ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნებით ევროპული ინტეგრაცია უსაფუძვლოა.

დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტიკური კონკურენცია და ფუნდამენტური უფლებები გაწევრიანების აუცილებელი პირობებია. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებული პოლიტიკური კურსის ცვლილებაა.

ამისთვის საჭიროა რეპრესიული პოლიტიკის დასრულება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობების უზრუნველყოფა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ევროპელ პარტნიორებთან ნდობის აღდგენა. ოპოზიციის ამოცანაც ამ ცვლილებების მისაღწევად მკაფიო, სანდო და დემოკრატიული ალტერნატივის შექმნაა.

საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო აძვირებს და გვაშორებს. სამწუხაროდ, დღეს სხვა ქვეყნები წინ მიდიან, ჩვენი მოქალაქეები კი კარგავენ დროსა და შესაძლებლობას. ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა.

- რადგან ევროპარლამენტმა საქართველოში დემოკრატიისა და პოლიტიკური პარტიების მდგომარეობის შესახებ იმსჯელა, ჩვენც ამ თემით გავაგრძელოთ საუბარი.

ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ტრადიციულად კვლავ გაიმეორებს რომ პარლამენტის რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“, მაგრამ, მაინც.

ამ თვალსაზრისით ახლა აქტუალურია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელი ბარიერგადალახული პარტიების აკრძალვის შესახებ. ვიცით რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ სარჩელს მალე განიხილავს.

გარდა იმისა, რომ ამ სარჩელს პოლიტიკურ პარტიები არაპროგნოზირებად რეჟიმში ჰყავს ჩაყენებული, გვახსოვს რომ ამ სარჩელს სამჯერ დაემატა ის პარტიები, რომლის მიმართაც ხელისუფლებას აშკარად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

ბევრი ვარაუდობს, რომ ამ სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო იმგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა.

თქვენც ვვარაუდობთ რომ საკონსტიტუციო სასამართლო 4 ბარიერგადალახულ პარტიას და კიდევ რამდენიმეს აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს?

თუ კი, ეს რისი ნიშანი იქნება?

- ვფიქრობ, რომ პარტიების აკრძალვის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების წინასწარ დადგენილ ფაქტად ვერ გამოვაცხადებთ. საქართველოს შიდა პოლიტიკა იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ისეთი გადაწყვეტილებებიც შეიძლება იქნას მიღებული, რაც დღეს არალოგიკურად გვეჩვენება. მოქმედი სარჩელის ავტორია პარლამენტის 88 წევრი და მოთხოვნა ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ეხება. 6 ოქტომბერს საქმე პლენუმს გადაეცა.

თავად სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეული პარტიის აკრძალვის საფუძველი ცალ-ცალკე უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს. ხელისუფლებისადმი ოპოზიციურობა აკრძალვის კონსტიტუციური საფუძველი ვერანაირად ვერ იქნება.

საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო აძვირებს და გვაშორებს. სამწუხაროდ, დღეს სხვა ქვეყნები წინ მიდიან, ჩვენი მოქალაქეები კი კარგავენ დროსა და შესაძლებლობას. ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა

ვფიქრობ, რომ ამ პროცესს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ეფექტი საბოლოო გადაწყვეტილებამდეც აქვს. მუდმივი აკრძალვის მუქარა პარტიებს გაურკვევლობაში ამყოფებს, ართულებს მათ ორგანიზებას და მათ მხარდამჭერებზე გარკვეულ ზეწოლას ახორციელებს. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიზანი კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაა.

თუ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური სურვილის შესაბამისად, სათანადო ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს, ეს ავტორიტარული კონსოლიდაციის უმძიმესი ნიშანი იქნება. ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტია თავად განსაზღვრავს, ვისთან შეიძლება ჰქონდეს მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანი.

მარტივად რომ ვთქვათ, ის იმოქმედებს პრინციპით „ან ჩვენ, ან არავინ“. ფორმალურად არჩევნები შეიძლება დარჩეს, რაც თანამედროვე კონკურენტულ ავტორიტარულ სისტემებს ახასიათებთ, თუმცა რეალური კონკურენციის გარეშე ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობა მკვეთრად შეიზღუდება. ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ ისედაც დაბალ ნდობას საბოლოოდ დაანგრევს.

საქართველოს შიდა პოლიტიკა იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ისეთი გადაწყვეტილებებიც შეიძლება იქნას მიღებული, რაც დღეს არალოგიკურად გვეჩვენება

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის რეზოლუციის არასავალდებულო ხასიათზე მითითებით ამ პრობლემას ვერ გააქრობს. პოლიტიკური შეფასებები გავლენას ახდენს პარტნიორების ნდობასა და ურთიერთობების მიმართულებებზე. ქვეყანა სადაც ხელისუფლება ძირითად კონკურენტებს სასამართლოს საშუალებით ჩამოიშორებს, ევროკავშირში გაწევრიანების სანდო პროცესს ვერ წარმართავს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ პარტიების აკრძალვის საკითხი იმდენად მძიმეა, რომ ევროპარლამენტში არსებული „ქართული ოცნების“ მცირე მხარდამჭერებიც კი ამ საკითხის მიმართ კრიტიკულები აღმოჩნდნენ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

თუ „ქართული ოცნება“ მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, ვფიქრობ, რომ ამას შემდგომში მძიმე შედეგები ექნება არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული გარემოსთვის, არამედ უშუალოდ „ქართული ოცნებისთვისაც.“ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ოპოზიციის პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი, კოორდინირებული და პრინციპული.

თუ „ქართული ოცნება“ მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, ვფიქრობ, რომ ამას შემდგომში მძიმე შედეგები ექნება არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული გარემოსთვის, არამედ უშუალოდ „ქართული ოცნებისთვისაც.“ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ოპოზიციის პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი, კოორდინირებული და პრინციპული

აქ მხოლოდ ცალკეული პარტიების არსებობა არ წყდება, აქ საქმე ეხება ექნება თუ არა საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების არჩევისა და შეცვლის რეალური უფლება.

- მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კორუფციის თემებზე დააკავა ექს-პრემიერი ღარიბაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ლილუაშვილი, და ასევე სხვა მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში თუ დიდია არა, გაუგებრობებია დაწყებული.

ბევრი ამბობს რომ მმართველ გუნდს მხარდამჭერები მნიშვნელოვნად მოაკლდა. ამგვარი მტკიცებები გადაჭარბებული ჩანს, მაგრამ, ვხედავთ რომ ამაზე აქტიურად მსჯელობენ.

ძნელი სათქმელია ოპოზიციასთან ბრძოლის რა გზას აირჩევს „ქართული ოცნება“, მაგრამ, მე რატომღაც მეჩვენება რომ მმართველი გუნდი „ნაციონალების“ პოლიტიკური ველიდან გაქრობას ვერ შეელევა.

ამაზე მიუთითებს ისიც, რომ მმართველ გუნდს რომ არ უნდოდეს ციხეში მსხდომი მიხეილ სააკაშვილს სოციალურ ქსელში აქტიურობის შესაძლებლობა არ ექნებოდა. არაა გამორიცხული „ქართული ოცნება“ სააკაშვილის გავლენას ტესტავდეს პოლიტიკურ პროცესებზე.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო კითხვას ასე დავსვამდი - მოინდომებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური სივრციდან გააქროს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, თუ იგი „სააკაშვილს ისევ მოსახლეობის დასაშინებლად გამოიყენებს“?

- ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ერთდროულად სცადოს „ნაცმოძრაობის“ ორგანიზაციული დასუსტება ან აკრძალვა და სააკაშვილის თემის მოსახლეობის დასაშინებლად გამოყენება. ეს ორი მიზანი ერთმანეთს არ გამორიცხავს. პარტიის საქმიანობის შეზღუდვა მის ხსენებასა და მისით პოლიტიკური საფრთხის სურათის შექმნას არ უშლის ხელს. ამიტომ ვერ გავიზიარებ ვარაუდს, თითქოს ხელისუფლება „ნამოძრაობას“ აუცილებლად შეინარჩუნებს, რადგან პოლიტიკურად სჭირდება.

„ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ერთდროულად სცადოს „ნაცმოძრაობის“ ორგანიზაციული დასუსტება ან აკრძალვა და სააკაშვილის თემის მოსახლეობის დასაშინებლად გამოყენება. ეს ორი მიზანი ერთმანეთს არ გამორიცხავს

აკრძალვის საფრთხე არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ხუთ პარტიას ეხება და საქმე პლენუმს უკვე გადაეცა. ეს აჩვენებს, რომ საკითხი ერთი პარტიის ფარგლებს სცდება და მთლიანად ოპოზიციური კონკურენციის რისკს ქმნის.

ყოფილი მაღალჩინოსნებს საქმეები კი ხელისუფლებას საკუთარი მმართველობის შესახებ მძიმე კითხვებს უჩენს, მაგალითად საზოგადოებას უჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორც მუშაობდა კონტროლის მექანიზმები მაშინ, როდესაც ეს ადამიანები უმაღლეს თანამდებობს იკავებდნენ და ვინ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მათ საქმიანობაზე?

სწორედ დღევანდელი მოქმედი გუნდი იყო მაშინ პარლამენტში, რომელსაც გააჩნდა ყველანაირი ბერკეტი, რომ განეხორციელებინა კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ყოფილი თანაგუნდელების დასჯა ამ კითხვას ვერ პასუხობს.

სანდო კვლევების გარეშე ცალსახად რთულია იმის თქმა, თუ რამდენი მომხრე დაკარგა ქართულმა ოცნებამ, თუმცა აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გააჩნდა თავისი ელექტორატი. ზოგადად უკმაყოფილება გარკვეული ფაქტების მიმართ ავტომატურად არ ნიშნავს არც ხელისუფლებისგან ჩამოშორებას და არც ოპოზიციის მხარდაჭერას.

ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება ხელისუფლებამ უფრო ინტენსიურად გამოიყენოს ძველი შიშის ფაქტორი, რაც გულისხმობს საკუთარი შეცდომებისა და საქმიანობის შეფასების ჩანაცვლებას სააკაშვილის დაბრუნების საფრთხეზე საუბრით.

ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება ხელისუფლებამ უფრო ინტენსიურად გამოიყენოს ძველი შიშის ფაქტორი, რაც გულისხმობს საკუთარი შეცდომებისა და საქმიანობის შეფასების ჩანაცვლებას სააკაშვილის დაბრუნების საფრთხეზე საუბრით

ამასთან, სააკაშვილის სახელით სოციალურ ქსელში განცხადებების გამოქვეყნება თავისთავად არ ადასტურებს, რომ ხელისუფლება მის გავლენას „ტესტავს“. პოსტების არსებობა არც მის უშუალო ინტერნეტთან წვდომას ამტკიცებს და არც ხელისუფლებასთან შეთანხმებას. ამისთვის ცალკე მტკიცებულებებია საჭიროა.

მთავარი პოლიტიკური საკითხი ისაა, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ საზოგადოების კვლავ წარსულის დაპირისპირებაში ჩაკეტვას. ოპოზიციის პასუხი უნდა იყოს მკაფიო, რომ მოქალაქეს აქვს უფლება, არსებულ ხელისუფლებას დღევანდელი კორუფციის, უსამართლობისა და დაკარგული შესაძლებლობის გამო მოსთხოვოს პასუხი.

სააკაშვილის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება.

- გვერდს ვერ ავუვლით სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში მომხდარს, რომელიც პატიმარ გიორგი დავითაძეს უკავშირდება.

გიორგი დავითაძე ბადრაგს მის გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მოითხოვენ რუსთავის ციხის უფროსის ტრაპაიძისა და ბადრაგის წევრების გათავისუფლებას.

ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და გიორგი დავითაძეს ადანაშაულებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. დავითაძის დასაცავად პენიტენციალური სისტემის რიგ ორგანიზაციებში დაწყებულია აქციები.

ძალიან არ მინდა დავიჯერო მომხდარი, მაგრამ, როცა ვიცით აქციის მონაწილეებს როგორ უსწორდებოდნენ, იგულისხმება დემონსტრანტების მანქანაში ცემა და ასე შემდეგ, ძნელია იმის გამორიცხვა, რომ სასჯელ აღსრულების სისტემაში ყველაფერი წესრიგშია, სამართლებრივად და პოლიტიკურად რა ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა ყველაზე კარგი ნაბიჯი ხელისფლების მხრიდან?

- ხელისუფლების ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ისეთი გამოძიების ჩატარება, რომლის დამოუკიდებლობასა და სრულყოფილებაში საზოგადოებას საფუძვლიანი ეჭვი არ შეეპარება. როდესაც ადამიანი სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება, მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ღირსების დაცვაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფოს ეკისრება.

ამ საქმეში ბრალდება უკიდურესად მძიმეა. პენიტენციური სამსახური ამას უარყოფს, სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ შესწავლილ მასალაში ძალადობის მტკიცებულებები ვერ ნახა. განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც უწყება, რომლის თანამშრომლებსაც ბრალდება ეხება, გამოძიების დასრულებამდე პატიმარსა და მის ოჯახს სისტემის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ასეთი კომუნიკაცია მიუკერძოებლობის მიმართ ნდობას ასუსტებს.

ხელისუფლების ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ისეთი გამოძიების ჩატარება, რომლის დამოუკიდებლობასა და სრულყოფილებაში საზოგადოებას საფუძვლიანი ეჭვი არ შეეპარება

სამართლებრივად აუცილებელია რამდენიმე კონკრეტული მოქმედება. უნდა დაცულ იქნას პატიმარი და შესაძლო მოწმეები ყველანაირი ზეწოლისგან, ადვოკატთან კონფიდენციალური წვდომა და პატიმრის ინფორმირებული თანხმობით შესაბამისი დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ასევე, საჭიროა სრული ჩანაწერების, სამედიცინო დოკუმენტაციისა და მორიგეობების ჩანაწერების დაცვა და ექსპერტული შესწავლა.

საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალა ყველა გარემოების გამოკვლევის შემცველი ვერ იქნება. მასალებზე უფლებამოსილი პირების წვდომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი პატიმრის პირადი ცხოვრების დაცვის პრინციპით. გამოძიების პერიოდში უნდა შეფასდეს დასახელებული თანამშრომლების დროებით ჩამოშორების საჭიროებაც, განსაკუთრებით თუ მათ შეუძლიათ პატიმარზე, მოწმეებზე ან მტკიცებულებებზე გავლენის მოხდება.

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უწყების რეპუტაციის მოქალაქის უფლებებზე მაღლა დაყენება. იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რა გაკეთდა პატიმრის დასაცავად და გამოძიების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

ასევე, საჭიროა ეფექტური საპარლამენტო კონტროლიც, თუმცა არსებულ გარემოში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მძიმე მდგომარეობაშია, რამდენად რეალურია ამ ყველაფრის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ნათელია, რომ დღის წესრიგში დგას სანდო კონტროლის აუცილებლობა. სახელმწიფოს სიმტკიცე იმით იზომება, შეუძლია თუ არა საკუთარი სისტემის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულის მიუკერძოებლად გამოძიება.

თუ ძალადობა ან მისი დაფარვა დადასტურდება, პასუხისმგებლობა უნდა შეეხოს ყველა მონაწილეს, თანამდებობის მიუხედავად. პატიმრის ღირსების დაცვა პოლიტიკური გემოვნების საგანი ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ინსტიტუციური გამოწვევების პირობებში, ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან.

თუ ძალადობა ან მისი დაფარვა დადასტურდება, პასუხისმგებლობა უნდა შეეხოს ყველა მონაწილეს, თანამდებობის მიუხედავად. პატიმრის ღირსების დაცვა პოლიტიკური გემოვნების საგანი ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ინსტიტუციური გამოწვევების პირობებში, ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან

- მთავრობის სხდომაზე ვრცელი სიტყვით ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე გამოვიდა პრემიერი ირაკლი კობაიძე.

მას ისე დაწვრილებით ისაუბრა ეკონომიკაში რეფორმის თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე, ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ „ყველაფერი მზადაა პრემიერობიდან მის გასაშვებად“.

არაა გამორიცხული, რომ ეს მოსაზრება, უკავშირდებოდეს იმას, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ვიცე პრემიერად მარიამ ქვრივიშვილი დანიშნა. რამდენად საფუძვლიანია მოსაზრებები, რომ ივანიშვილი კობახიძეს გადააყენებს?

თუ ეს პროგნოზი გამართლდა, არც ისაა გამორიცხული საზოგადოებას ივანიშვილმა საზოგადოებას მთავარ ოპოზიციად სწორედ კობახიძის გუნდი დაასახელოს, ოღონდ მას შემდეგ, რაც პარტიებს პრაქტიკულად გააუქმებს საკონსტიტუციო სასამართლო?

- კობახიძის ჩანაცვლება საკმაოდ რეალისტურ სცენარად მიმაჩნია, რის საფუძველსაც მაძლევს ბოლო თვეებში განხორციელებული საკადრო გადაადგილებები და პოლიტიკური კონიუნქტურა. ვრცელი ეკონომიკური ანგარიში შეიძლება საკუთარი საქმიანობის შეჯამებაც იყოს და პოლიტიკური პოზიციების გამყარების მცდელობაც. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია უშუალოდ დღეს არსებული მმართველობის მოდელი.

თუ პრემიერის შესაძლო შეცვლას საზოგადოება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას უკავშირებს, ეს არჩვენებს, რამდენად სუსტია ნდობა ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების მიმართ. ასეთი ტიპის მმართველობით სისტემაში პრემიერის ჩანაცვლება შეიძლება ემსახურებოდეს დაგროვილი უკმაყოფილების კონკრეტულ ფიგურაზე გადატანას და „განახლების“ შთაბეჭდილების შექმნას.

კობახიძის ჩანაცვლება საკმაოდ რეალისტურ სცენარად მიმაჩნია, რის საფუძველსაც მაძლევს ბოლო თვეებში განხორციელებული საკადრო გადაადგილებები და პოლიტიკური კონიუნქტურა

თუმცა, რეალურად პრემიერის შეცვლა ვერ შეცვლის არსებულ მმართველობით სისტემას და ვერ გააქრობს პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკურ კურსზე, რომელსაც მთელი მმართველი გუნდი ატარებდა. ქართულ ოცნებას დღეს აღარ გააჩნია რესურსი, რომ განახორციელოს რეალური განახლება და ამომრჩეველს შესთავაზოს სიახლეები.

რაც შეეხება კობახიძის გუნდის „ოპოზიციად“ წარმოჩენას, მე ეს სცენარი ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება. ამ გუნდის მიმართ უშუალოდ „ქართული ოცნების“ შიგნითაც მზარდი უკმაყოფილებაა, შესაბამისად, მათი პოლიტიკური წონა და რესურსი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე სახის პოლიტიკურ მომავალზე ვისაუბროთ. რომც ჩამოყალიბდეს ეს გუნდი „ოპოზიციად“ ვფიქრობ, რომ მათი როლი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ნომინალური იქნება.

რაც შეეხება კობახიძის გუნდის „ოპოზიციად“ წარმოჩენას, მე ეს სცენარი ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება

თუმცა თუ რეალური ოპოზიციური პარტიების შეზღუდვის პარალელურად ხელისუფლებიდან გამოყოფილ ჯგუფს პრივილეგირებული პოლიტიკური სივრცე მიეცემა, ეს მართვადი კონკურენციის და სისტემური ოპოზიციის შექმნის საფუძველს გააჩენს, სადაც ამ გუნდს შესაძლოა თავისი მცირე როლი მიენიჭოს.

- და ბოლოს, იმის გამო რომ რუსეთში „შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, აშშ-მ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი.

ყახაზეთმა, უზბეკეთმა, ტაჯიკეთმა თურქმენეთმა რუსეთის საზღვრები ჩაკეტეს. სავარაუდოდ, რატომ არ ჩქარობს საქართველოს ხელისუფება ქვეყანა დაიცვას „შავი ჭირისგან“ და არ კეტავს საზღვარს რუსეთთან?

- ეს საკითხი საყურადღებო და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიღება საკმაოდ გართულდა. ჯერ ჯერობით საგანგაშო ვითარება არ იკვეთება, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რადგან ისტორიაში არაერთხელ გვინახავს მსგავსი ფაქტები, მათ შორის კოვიდთან დაკავშირებითაც.

მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ როგორ აფასებს რისკებს საქართველოს კონტექსტში, რა კონტროლის მექანიზმები მოქმედებს საზღვრებსა და აეროპორტებში და რამდენად მზად არის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად და სამართავად.

მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ როგორ აფასებს რისკებს საქართველოს კონტექსტში, რა კონტროლის მექანიზმები მოქმედებს საზღვრებსა და აეროპორტებში და რამდენად მზად არის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად და სამართავად

მოქალაქეების უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილებას პროფესიული შეფასება უნდა განსაზღვრავდეს და არა მოსკოვთან ურთიერთობების პოლიტიკური კომფორტი. საზღვრის სრული დაკეტვა ავტომატურად საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ თუ სპეციალისტები შეზღუდვების აუცილებლობას დაადგენენ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.

საზოგადოებას სჭირდება დასაბუთებული პასუხები და პოტენციური სამოქმედო გეგმა. მხოლოდ ცარიელა განცხადებები, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება საკმარისი ვერ იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის