„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით

ინოვაციებზე ორიენტირებული გზა, რომელსაც „ვისოლ ჯგუფი“ 30 წლის განმავლობაში წარმატებით გადიოდა, ახლა უკვე ოპერირებას INVIA- ს სახელით აგრძელებს. რატომ INVIA, რა არის ჯგუფის გეგმები, ახალი საინვესტიციო მიმართულებები, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს ჯგუფის შესაძლებლობებსა და იმიჯს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, ამ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ INVIA-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ლევან ფხაკაძეს ესაუბრა:

- ბატონო ლევან, პირველ რიგში, მოგესალმებით. მოდით ჩვენი შეხვედრა INVIA-ზე საუბრით დავიწყოთ. როგორც ცნობილია, INVIA საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესჯგუფია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან ბრენდებს. ჰოლდინგი თავდაპირველად „ვისოლ ჯგუფის“ სახელით ოპერირებდა, შემდეგ კი მასში შემავალი კომპანიები სახელწოდება INVIA-ს გარშემო გაერთიანდნენ, რომ გვითხრათ რატომ შეირჩა სახელწოდება INVIA?

- მოგესალმებით, დიახ, ჩვენი ბიზნესის ისტორია და განვითარება 30 წლის წინ სწორედ „ვისოლით“ დაიწყო. სწორედ „ვისოლის“ წარმატებამ განაპირობა ჯგუფის წარმატება შემდგომში. შეიძლება ითქვას, რომ „ვისოლი“ ჩვენი ჯგუფის განვითარების საწყისი და მთავარი ფლაგმანი იყო. მისი წარმატების გარეშე ის გამოცდილება, რესურსი და შესაძლებლობები ვერ დაგროვდებოდა, რომლებმაც მოგვცა საშუალება, წლების განმავლობაში ახალი მიმართულებები და ბრენდები შეგვექმნა და განგვევითარებინა. სწორედ ამიტომ, „ვისოლს“ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩვენს ბიზნესში. საზოგადოებაც, ბუნებრივია, პირველ რიგში „ვისოლთან“ გვაიგივებდა და მოგვიანებით სწორედ აქედან დამკვიდრდა სახელწოდება „ვისოლ ჯგუფი“.

თუმცა, ოპერირების თვალსაზრისით, „ვისოლ ჯგუფი“ არასოდეს ყოფილა ის სტრუქტურა, რომელიც დღეს INVIA-ს ფუნქციას შეასრულებს. რამდენიმე წლის წინ მივედით სტრატეგიულ გადაწყვეტილებამდე, რომ სხვადასხვა ბიზნესის მართვისთვის შეგვექმნა დამოუკიდებელი ჰოლდინგური სტრუქტურა, რომელიც ჯგუფის კომპანიების სტრატეგიულ განვითარებაზე, კაპიტალის განაწილებასა და გრძელვადიან მიმართულებებზე იქნებოდა ორიენტირებული. ბუნებრივია, ამას გარკვეული დრო დასჭირდა - საჭირო იყო როგორც შესაბამისი სტრუქტურის ჩამოყალიბება, ისე გუნდის ფორმირება. ასე შეიქმნა ჰოლდინგი, რომელსაც დღეს INVIA ჰქვია. ალბათ, ყველაზე მარტივი იქნებოდა, ჰოლდინგისთვის რომელიმე არსებული ბრენდის სახელი დაგვერქმია, თუმცა ჩვენ გვინდოდა ნეიტრალური და საერთაშორისო სახელწოდება, რომელიც თანაბრად მოიცავდა ჯგუფის ყველა კომპანიასა და მიმართულებას. სახელწოდება INVIA სწორედ ამ იდეას უკავშირდება - ის გზისა და ინოვაციის იდეას აერთიანებს და კარგად გამოხატავს იმ დინამიკას, რომლითაც ჩვენი ბიზნესი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა და იმ ამბიციასაც, რომლითაც მომავალს ვუყურებთ.

ამიტომ INVIA-ს შექმნა, ერთი მხრივ, ჩვენი ბიზნესის განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა, ხოლო მეორე მხრივ - მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, გვქონდეს ჰოლდინგი, რომელიც ჯგუფის კომპანიებს სტრატეგიულ მენეჯმენტში გააძლიერებს და თითოეულ მათგანს საკუთარი ბრენდისა და საქმიანობის დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

- რატომ გახდა ეს ცვლილება საჭირო სწორედ ახლა?

- ზუსტი დრო, თუ როდის უნდა შექმნა ასეთი სტრუქტურა, ალბათ, არ არსებობს. უბრალოდ, გარკვეულ ეტაპზე ხვდები, რომ ბიზნესის მასშტაბი და განვითარების ახალი მიზნები ამას უკვე აუცილებლობად აქცევს. ჩვენთვის ასეთი მაპროვოცირებელი ფაქტორი სწორედ ის მასშტაბი გახდა, რომელიც ჯგუფმა წლების განმავლობაში შეიძინა.

დღეს ჯგუფი ძალიან დივერსიფიცირებულია. ჩვენ წარმოდგენილი ვართ ენერგეტიკისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით, მათ შორის მარკეტების ქსელ „სმარტის“ სახით. სწრაფი კვების მიმართულებით საქართველოში სამი ამერიკული საერთაშორისო ბრენდის - „Wendy’s-ის“, „Dunkin’-ისა“ და „Subway-ის“ -წარმომადგენლები ვართ. მედიაბიზნესში წარმოდგენილი ვართ „ალმას“ სახით. საკმაოდ ძლიერი პოზიციები გვაქვს კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებითაც - ჩვენი შვილობილი კომპანია MP Development-ი ფლობს შვიდ სავაჭრო ცენტრს და მრავალ კომერციულ ობიექტს, ხოლო „Biograpi Living“, რომელიც მხოლოდ 3.5 წლის კომპანიაა, უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ქვეყანაში საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით.

როდესაც ბიზნესს ასეთი მასშტაბი და დივერსიფიკაცია აქვს, ბუნებრივია, ჩნდება საჭიროება მართვის კიდევ უფრო განსხვავებული და ერთიანი მოდელის შექმნის. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა მმართველობითი სტრუქტურა -INVIA.

რატომ ახლა? იმიტომ, რომ დღეს ეს საჭიროება კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახეთ და, რაც მთავარია, ის უკვე ჩვენი მომავალი მიზნებიდან გამომდინარეობს. თუმცა არ მინდა ეს ისე აღვიქვათ, თითქოს აქამდე ჩვენი კომპანიები არასწორად იმართებოდა. პირიქით - თითოეულ კომპანიას ძალიან ძლიერი პროფესიონალთა გუნდი მართავს და ჩვენ ამ ადამიანების მუშაობას და მათ წვლილს ძალიან ვაფასებთ. ვფიქრობ, ქვეყნის მასშტაბით თითოეულ ჩვენს კომპანიაში ერთ-ერთი საუკეთესო მმართველი გუნდი გვყავს.

INVIA-ს შექმნა ამ ძლიერი გუნდების მართვას კი არ გულისხმობს, არამედ მათ გაძლიერებას - სტრატეგიული ხედვის, საერთო მიმართულებებისა და გრძელვადიანი მიზნების კოორდინაციას. როდესაც უკვე ხვალინდელ დღეზე, კიდევ უფრო დიდ მასშტაბსა და ახალ შესაძლებლობებზე ვფიქრობთ, ასეთი სტრუქტურის შექმნა ბუნებრივი და სწორი ნაბიჯია.

- INVIA ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია და აერთიანებს 7,000-ზე მეტ თანამშრომელს. ⁠რას შეცვლის INVIA-ს შექმნა ჯგუფში შემავალი კომპანიების მართვაში და კონკრეტულად რა ფუნქცია ექნება ახალ ჰოლდინგურ გარდაქმნას -როგორც დამსაქმებელზე, ასევე თითოეულ დასაქმებულზე?

- ჩვენი ამოცანაა, რომ ჯგუფი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ადგილობრივ ბაზარზე. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი -კიდევ უფრო გავძლიერდეთ იმ მიმართულებებში, რომლებშიც უკვე ვართ წარმოდგენილები და, ამავდროულად, აქტიურად ვეძებოთ ახალი შესაძლებლობებს, ინდუსტრიებსა და მიმართულებებს სადაც შეიძლება ხვალ და ზეგ ვიყოთ წარმოდგენილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორად ხდებოდეს კაპიტალის გადანაწილება ჯგუფის კომპანიებს შორის, ახალი საინვესტიციო მიმართულებების შერჩევა და მათი სრულფასოვანი ანალიზი. ამ ყველაფრის საფუძველზე კი უნდა გვქონდეს მკაფიო სტრატეგია, თუ სად გვინდა, რომ ჯგუფი იყოს 3, 5 თუ 10 წლის შემდეგ.

INVIA-ში ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ადამიანური რესურსების მიმართულებით. ყოველდღიურად ვართ ჩართულები იმაში, თუ როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია და ლოიალობა, რომელიც ისედაც საკმაოდ მაღალია ჯგუფში. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია INVIA-ს აკადემიის შექმნაც, რომელიც თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, გადამზადებასა და უწყვეტ სწავლებას შეუწყობს ხელს.

აკადემიის ფარგლებში გვეყოლება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოწვეული პროფესორები, ამასთან, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენს თანამშრომლებს თავად ჩვენი გუნდის წევრებიც გაუზიარებენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ძალიან ბევრი სიახლე შემოაქვს ბიზნესსა და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. გვინდა, რომ ჩვენი გუნდი ამ ცვლილებებისთვის ყოველთვის მზად იყოს.

- როცა ახალ საინვესტიციო მიმართულებაზე საუბრობთ, აქ მოიაზრება განსხვავებული სექტორები, რომელიც ჯერ არ გაქვთ მოცული, თუ უკვე არსებული მიმართულებით ფიქრობთ გაფართოებას?

- რაც ცხოვრებამ მასწავლა, არის ის, რომ ის უნდა აკეთო, რაც ყველაზე კარგად იცი და რისი კეთების გამოცდილებაც გაქვს. ჩვენ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება იმ ბიზნესების მართვაში, რომლებშიც დღეს ვართ წარმოდგენილები.

რა თქმა უნდა, თავიდან ყველაფერი ასე არ იყო. იყო შეცდომებიც, თუმცა ვფიქრობ, შეცდომა ბიზნესის განვითარების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ შეცდომებმა გაგვაძლიერა და ბევრი რამ გვასწავლა. ამიტომ, სადაც უკვე დაგროვილი გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, ბუნებრივია, იქ კიდევ უფრო გაძლიერებას ვხედავთ.

ზოგადად, მენეჯმენტისა და ბიზნესის მართვის ძირითადი პრინციპები სხვადასხვა ინდუსტრიაში ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. განსხვავებულია კონკრეტული ბიზნესის სპეციფიკა და საოპერაციო საქმიანობა. შესაბამისად, ის გამოცდილება, რომელიც ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით დაგვიგროვდა, ბუნებრივად გამოგვადგება ახალ მიმართულებებშიც და მოგვცემს შესაძლებლობას, მათში უფრო თავდაჯერებულად შევიდეთ.

- საინტერესოა როგორია INVIA-ს საერთაშორისო განვითარების სტრატეგია და გრძელვადიანი ხედვა?

- ჩვენ გვინდა, რომ INVIA იყოს ის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას და საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებას. INVIA-ს ვხედავთ გლობალურ კომპანიად, რომელიც მომავალში რამდენიმე საერთაშორისო ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, ეს მარტივი და სწრაფი პროცესი არ არის და საკმაოდ ფრთხილ და გააზრებულ მიდგომას მოითხოვს. თუმცა გვჯერა, რომ დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა და ის შედეგები, რომლებიც საქართველოში შევქმენით, გვაძლევს საფუძველს, საერთაშორისო ბაზრებზეც წარმატებით განვვითარდეთ. ამ მიმართულებით უკვე აქტიურად ვმუშაობთ და ჩვენი მიზანია, ის წარმატება, რომელიც საქართველოში დავწერეთ, მომავალში სხვა ქვეყნებშიც გავიმეოროთ.

- Invia-ს უახლეს მიღწევას წარმოადგენს Downtown Tbilisi-ის პროექტის ფარგლებში რეგიონში პირველი Trump Tower-ის მშენებლობის დაწყება. რას ნიშნავს ეს INVIA-სთვის?

- Downtown Tbilisi მართლაც ძალიან საინტერესო პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფისთვის, არამედ, ვფიქრობ, მთლიანად თბილისისა და ქვეყნისთვის. ის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უნიკალურ სივრცესა და თანამედროვე ურბანულ გარემოს შექმნის. პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება Trump Organization-ის ბრენდირებული აპარტამენტები.

თუმცა Trump Tower მხოლოდ ერთი ნაწილია Downtown Tbilisi-ის და პროექტში სხვა საერთაშორისო ბრენდებიც იქნება წარმოდგენილი. ჩვენი ღრმა რწმენით, Trump Tower-ის განვითარება და Trump Organization-ის შემოსვლა საქართველოში დადებითად აისახება როგორც უძრავი ქონებისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორების განვითარებაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე, რეპუტაციასა და საერთაშორისო იმიჯზე.

ეს არის მსოფლიოში ძალიან ცნობილი და მნიშვნელოვანი ბრენდი, რომელსაც საქართველოში შეიძლება სრულიად ახალი აუდიტორიის მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონდეს

მიხარია, რომ Trump Organization-მა მიიღო საქართველოში წარმოდგენის გადაწყვეტილება და, განსაკუთრებით, ის, რომ საკუთარი ლოკალური პარტნიორის როლისთვის არჩევანი ჩვენზე შეაჩერა. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაც არის და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაც.

- და ბოლოს, თქვენ არაერთხელ გაუსვით ხაზი 30 წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას, როგორც თქვენი წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფორმულას. საინტერესოა, ამ ფაქტორის გარდა, კიდევ რა აქცევს თქვენს ჰოლდინგს და მასში შემავალ კომპანიებს ბაზრის ლიდერებად?

- დიახ, ჩვენ ბიზნესი 30 წლის წინ დავიწყეთ. ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში დაწყებული ბიზნესი დღესაც ვითარდება, ვფიქრობ, პირველ რიგში, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იყვნენ და ამ ბიზნესს ჩვენთან ერთად აშენებდნენ. საბედნიეროდ, დღესაც ჩვენს ჯგუფში მუშაობენ ადამიანები, რომლებთან ერთადაც ეს გზა 30 წლის წინ დავიწყეთ. ბუნებრივია, წარმატებას ერთი ან ორი ადამიანი ვერ ქმნის. ჩვენი მთავარი ღირებულება და მონაპოვარი სწორედ ის ძლიერი გუნდია, რომელიც ამ წლების განმავლობაში შევქმენით. დღეს ეს გუნდი გაცილებით უფრო ძლიერი და გამოცდილია, ვიდრე წლების წინ იყო და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ამ ძალას საკუთარ თავში ვხედავთ და სწორედ ამიტომ გვაქვს ამბიცია, მომავალზე და ახალ, უფრო მასშტაბურ პროექტებზე ვიფიქროთ.

გვინდა, ეს ცოდნა, გამოცდილება, რესურსი და ის ენერგია, რომელიც დაგვიგროვდა, ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ. გვჯერა, რომ კიდევ ბევრი ღირებულების შექმნა და ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა შეგვიძლია. რაც შეეხება INVIA-ს გლობალურ კომპანიად განვითარებას, ესეც, ჩვენი აზრით, ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას უკავშირდება. რაც უფრო მეტი ქართული კომპანია გავა საერთაშორისო ბაზრებზე და ქვეყნის სახელსა და გამოცდილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანს, ეს ბუნებრივად დადებითად აისახება საქართველოზე.

ასეთი მიზნები და ამოცანები გვაქვს წინ. კარგად გვესმის, რომ მათი განხორციელება მარტივი არ იქნება, თუმცა გვაქვს გამოცდილება, ძლიერი გუნდი, სურვილი და მონდომება, რომ ეს მიზნები რეალობად ვაქციოთ.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის