საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და სტუდენტური ინიციატივა დაიწყო. პროექტის საინიციატივო ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრაზე 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენებისა და სოხუმის დაცემის ისტორიულ-სამართლებრივი, გეოპოლიტიკური და ჰუმანიტარული ასპექტები განიხილეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ინიციატივის მიზანია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონის) კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიული და სამართლებრივი მასალის აკადემიური კვლევა, ინსტიტუციური მეხსიერების გაძლიერება და სტუდენტების აქტიური ჩართულობით სამშვიდობო განათლებისა და დიალოგის კულტურის განვითარება.

პროექტის განხორციელების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასა და განხორციელების პროცესში ჩართულნი არიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე გიორგაძე, დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია და საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნიკოლოზ ფიფია. შეხვედრის ინიციატორი საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი სოფიკო გორგილაძეა. სამომავლო ინიციატივების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები გიორგი კუკავა, ლაშა მესხი და ვალერია ხომასურიძე.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ბესარიონ გაფრინდაშვილის 55-წუთიანი დოკუმენტური ფილმი „იარაღად ქცეული ისტორია“ იხილეს, რომელიც „კავკასიის სახლის“ მიერაა მომზადებული. ფილმის ჩვენებას სიღრმისეული აკადემიური დისკუსია მოჰყვა.
დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში ისტორიული გამოცდილების გააზრებას შეეხებოდა.
„მშვიდობის შესახებ საუბარი მხოლოდ ზოგადი მოწოდებების დონეზე არ უნდა დარჩეს. აუცილებელია, მშვიდობის დისკურსი პრაგმატულად და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს. მშვიდობისკენ სწრაფვა არ ნიშნავს ისტორიული ფაქტების, სამართლებრივი შეფასებების ან ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფას. პირიქით, მდგრადი მშვიდობა სწორედ ისტორიული მეხსიერების, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების გააზრებულ თანხვედრას უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენი ამოცანაა, სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, ეს პროცესები კრიტიკულად, აკადემიურად და პასუხისმგებლიანად შეისწავლონ“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე გიორგაძემ.

დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ხუთი ძირითადი თემატური მიმართულება: რუსეთის „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკა და კონფლიქტის ესკალაციის პროცესები; კრემლის გეოპოლიტიკური მიზნები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების კონტექსტში; 1990-იანი წლების დასავლეთის პოლიტიკა და ენერგოდამოკიდებულების ფაქტორი; რუსეთის როლი კონფლიქტების ე.წ. მომრიგებლის სტატუსითა და 2008 წლის აგრესიის კონტექსტში; ასევე საქართველოს ღირებულებითი არჩევანი - დასავლური დემოკრატია, კანონის უზენაესობა და საერთაშორისო სამართლის პრინციპები.
ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ, და საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ ფიფიამ, ყურადღება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის ქრონოლოგიურ შესწავლასა და პოსტკონფლიქტურ გარემოში ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
შეხვედრის საპატიო სტუმარი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ ხაზალია. მან, როგორც 1990-იან წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში მაღალ თანამდებობებზე საქმიანობისა და აფხაზეთის რეგიონში სამხედრო მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალმა, მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და ისტორიულ-სამართლებრივი შეფასებები გაუზიარა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მაია ბენია, ნანა კანკავა და ხატია ვასაძე. მათი გამოსვლები შეეხებოდა კონფლიქტების ჰუმანიტარულ განზომილებას, საზოგადოებაში ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლს მშვიდობისმშენებლობის პროცესში.
შეხვედრას განსაკუთრებული ემოციური და ღირებულებითი დატვირთვა შესძინა შინდისში გმირულად დაღუპული ლევან მელქაძის მეუღლის, სტუ-ის სტუდენტის, ქეთევან კვირიაშვილის გამოსვლამ. მან პირადი ოჯახური გამოცდილება ისტორიული მეხსიერებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ახალი თაობის პასუხისმგებლობაა, ქვეყნის ისტორია ცოდნაზე, სამართლებრივ გააზრებასა და სამართლიანობაზე დაფუძნებით გააგრძელოს.
სტუ-ის ინფორმაციით, „აფხაზეთის დაცემის კვირეულის“ ღონისძიებათა ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აკადემიურ-სტრატეგიული მიმართულება განსაზღვრა. მათ შორისაა 1992-1993 წლების აფხაზეთის მოვლენებისა და 2008 წლის რუსეთის აგრესიის შესახებ არსებული ისტორიულ-სამართლებრივი დოკუმენტაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ციფრული არქივის შექმნა; დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და სემინარების განხორციელება; ასევე საზოგადოებრივი დიპლომატიის, დიალოგის კულტურისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით სტუდენტური და აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერა.