პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის ვატო სურგულაძის აზრით, რუსეთიდან საქართველოში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების თაობაზე შეშფოთების და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ირკუტსკში, 28 წლის ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალებისგან მოსალოდნელ გამოწვევებზე სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში" ისაუბრა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საჭიროა მეტი ყურადღება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან - შიდა ტრენინგების ჩატარება, რომ მზადყოფნაში იყვნენ.
„ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ ნდობა არა მაქვს. უბრალოდ დასახელებაა, უკავიათ თანამდებობები და ხელფასს იღებენ. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ამ მთავრობამ ვერ შეძლო და ვერ გაანადგურა. რეალურად ის ერთადერთი ჯანდაცვის დაწესებულებაა, რომელიც მუშაობს. ასევე გვაქვს გამოცდილება და გვაქვს ლუგარის ლაბორატორია, რაც ბევრ ქვეყანას არა აქვს.
დიდწილად ვეთანხმები იმას, რაც პაატა იმნაძემ თქვა. ჩვენ რეალურად არ ვიცით რა მოხდა. ისეთი ქვეყანა როგორი რუსეთია, ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა 200 ადამიანი, ვინც ინფიცირებულ პირთან კავშირზე იყო, შემოწმებულია და მათი დიდი ნაწილი სახლშია.
ჯანმოს შეფასებაა, რომ ირკუტსკის ოლქში საშუალოზე დაბალო საშიშროებაა, მთლიანად რუსეთში - დაბალია, ხოლო ევროპაში საეროდ ამის საშიშროება არ დგას. მით უმეტეს თუ ეს დაავადება დროულად იქნება აღმოჩენილი, ხელმისაწვდომი ანტიბიოტიკებით მართვადია და იკურნება, ხოლო ფილტვის ფორმის შემთხვევაში, გადადება რთულად ხდება.
ჭირი ადრე იყო პრობლემა, როცა მედიკამენტები არ იყო - ამიტომ ადამიანების კიდევ მეტად დაძაბა მართებული არ არის“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
დღევანდელ გადაცემაში საუბრის კიდევ ერთი თემა თბილისის მერიის ინიციატივა იყო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დედაქალაქის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვას ითვალისწინებს.
სურგულაძის თქმით, Yellow box-ები რამდენიმე ადგილას საცობის პრობლემას განმუხტავს, მაგრამ სიტუაციას მაინც არ შეცვლის. მისი აზრით, გამოსავალი მეტროსადგურების გაფართოებაა.
„ქალაქს არა აქვს გეგმა, თუ როგორ მოაწესრიგოს საგზაო სიტუაცია - არ არსებობს არავითარი პოლიტიკა თუ როგორ განიმუხტოს მდგომარეობა. საკითხი ძალიან კომპლექსურია. გემახსოვრებათ კახა კალაძის დაპირებები ახალი მეტროსადგურების შესახებ - რომელიმე აშენდა? ახალი მეტროსადგურების მშენებლობის პერსპექტივა არ არსებობს. მეტრო, რომელიც მივა რუსთავში, მცხეთაში და იქნება ყველგან, არის თბილისის გადარჩენა.
გარდა ამისა, 50 წელზე მეტია თბილისში ახალი ხიდი არ აშენებულა. ესეც გადაწყვეტს პრობლემას. საერთოდ საუბარი არ არის თბილისის შემოვლით გზაზე, რომელიც ცუდი გეგმა არ იყო. მას დახვეწა სჭირდებოდა. ამ წლისთვის ტრამვაის გაკეთებდა გვინდოდა, თანხებიც ჩაიდო - სად არის ეს ტრამვაი?“ - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
„დღის ნიუსრუმის" დღევანდელი სტუმარი ასევე გამოეხმაურა საქართველოს თაობაზე ევროპარლამენტში წარდგენილ ახალ რეზოლუციას. სურგულაძის თქმით, რეზოლუციები ცოტა დაგვიანებულიც კი არის. მისივე შეფასებით, თავად „ქართულ ოცნებას“ რეზოლუციების მიღება ძალიან აღელვებს, ადარდებს და ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იქნებიან, თუკი დასანქცირდებიან.
„თუ უნდათ რომ საქართველო გადარჩეს და რუსეთის გუბერნიად არ გადაიქცეს, უფრო ოპერატიული და უფრო მკაცრი უნდა იყვნენ.
ეს რეზოლუციები რეალურად უნდა ამუშავდეს და მხოლოდ დებატები არ უნდა იყოს. წესიერი და ნორმალური მთავრობა რომ გვყოლოდა, წესით ჩვენ უკვე ევროპაში უნდა ვიყოთ. ევროპა უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო დროული და შეიძლება ითქვას უფრო მეტად აგრესიული“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.