„ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს, საკუთარ თავს დააბრალოს, რატომ დგება დღეს დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იმიტომ ამბობს რეზოლუციებზე „ჩალის ფასი აქვსო“, რომ თავად თქვეს უარი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
„თუ ქვეყანას მცირედით მაინც აქვს პოლიტიკური ნება, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც არის ჩვენი კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ვალდებულება, როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ შეიძლება იყოს მაშინ ამ ქვეყნისთვის ჩალის ფასის მქონე იმ ორგანიზაციის რეზოლუციები, რომელში გაწევრიანებისკენაც მიისწრაფვის საქართველო?
ამიტომ ეს ყველაფერი, თუნდაც მათი ეს შეფასება, რომ თურმე ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, ადასტურებს იმას, რომ „ოცნების“ პირობებში, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, არანაირი წინსვლა, სამწუხაროდ, საქართველოს არ ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
„ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს, საკუთარ თავს დააბრალოს, რატომ დგება დღეს დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. იმიტომ, რომ სწორედ ეს ადამიანები, მათ შორის პერსონალურად, არიან პასუხისმგებლები ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ სხვა დანაშაულზე. მათ ნუღარ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია.
რაც შეეხება ხალხის დასანქცირებას, ამაზე თავიდანვე ვამბობდით, იცით თქვენ კარგად, რომ არცერთ შემთხვევაში, როდესაც უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე იყო საუბარი, ეს ქართველ ხალხს არ უნდა შეხებოდა და პირველ რიგში ის ინდივიდები უნდა დასჯილიყვნენ, ვინც თავად არიან დამნაშავეები საქართველოს ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე”, - აღნიშნა შარაშიძემ.
ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში, რომელიც გუშინ, აღნიშნულ საკითხზე დებატების გამართვამდე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს. ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს.