სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში ქვეყნის ელჩი, პაკ კი-ჩანი, გაიწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გააგრძელებს კონსულტაციებს უკრაინულ მხარესთან და ელის სხვადასხვა გადაუჭრელი საკითხის შეუფერხებლად მოგვარებას“.
ცნობისთვის, სეულსა და კიევს შორის ურთიერთობა მას შედეგ დაიძაბა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა ინფორმაცია უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული საკითხი კონფიდენციალურად უნდა დარჩენილიყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ შექმნილი ვითარება „დიპლომატიურ გაუგებრობად“ შეაფასა და დასძინა, რომ კიევი მის მოსაგვარებლად მუშაობს. კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ჰიუნმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინისგან ბოდიში მიიღო და დასძინა, რომ ბოდიში სეულის მოლოდინებს არ აკმაყოფილებდა. „ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტში ვარ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, რომელმაც აღნიშნა, თუ რამდენად რთულია ეს სიტუაცია. შეტყობინებები, რომლებიც მე სიბიგასგან მივიღე, ბოდიშს შეიცავდა. თუმცა, ის იმ დონისგან განსხვავდება, რომელსაც ჩვენ ველით. ამიტომ, ჩვენ მკაცრი ზომების მიღებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.