შეუძლებელია მტრობდე ევროპარლამენტს და რაიმენაირად გქონდეს ევროკავშირთან დაახლოების შანსი - რეზოლუციის შემდეგ ლოგიკური გაგრძელება ევროპისგან და ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაცია, სიღარიბე, უვიზო მიმოსვლის დაკარგვა, ქვეყნიდან მეტი ადამიანის წასვლა იქნება და ქვეყანაში გაუსაძლისი გახდება ცხოვრება , - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ქობალიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავისი არსით, ქმედებებითა და მიღებული კანონებით, შეუთავსებელია ევროპულ ცივილიზაციასთან.
„ქართული ოცნების“ კონფრონტაცია ევროპასთან, თავისუფალი სამყაროსა და დემოკრატიის იდეასთან გრძელდება. ეს ხდება იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ თავისი არსით, ქმედებებითა და მიღებული კანონებით, მათ შორის, იმით, თუ როგორ ექცევა ის ოპონენტებს, მედიას, ადამიანებს სასამართლოებსა თუ ქუჩებში, შეუთავსებელია ევროპულ ცივილიზაციასთან, ევროინტეგრაციის ამოცანასთან, რადგან ეს ყველაფერი პრობლემურია, თუ ქვეყანას უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს.
თითქოს ბუნდოვანია „ქართული ოცნების“ რიტორიკა. შეიძლება ზოგიერთი ვერც ერკვევა მის ქცევასა და მოტივაციაში, შესაძლოა ჰგონიათ, რომ „ქართული ოცნება“ მიიყვანს ქვეყანას ევროკავშირის წევრობამდე - ეს შეუძლებელია. ევროპარლამენტი არის პოლიტიკის განმსაზღვრელი, რომლის იმპლემენტაციას ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები ახდენენ“,- განაცხადა ირაკლი ქობალიამ.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ ევროკავშირის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე საუბრისას ქობალიამ განაცხადა, რომ პროცესი ნელია, თუმცა პერსპექტივა რეალური.
„გადადგამს თუ არა ევროკავშირი ქმედით ნაბიჯებს? ეს პროცესი ნელია, მაგრამ ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს , ეს რეალური პერსპექტივაა. როდესაც ევროპარლამენტი სანქციებზე საუბრობს, ამ სანქციების განხორციელება რეალურია. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი არის სწრაფი, არა, არ არის. როდესაც საუბარია წამყვანი პოლიტიკური პირების სანქცირებაზე, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეზე, ეს დეგრადაციის ახალი დონეა. როგორც წესი, არ ხდება, რომ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დასასანქცირებელი პირების მოკლე სიაში აღმოჩნდეს. ახალ-ახალ უარყოფით, ცუდ და სამარცხვინო რეკორდებს ამყარებს „ქართული ოცნება“. ევროინტეგრაციაზე საუბარი კი, რა თქმა უნდა, დასრულებულია.
რეალური პერსპექტივაა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის, რისი მონაცემებიც სახეზეა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიიღება, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავს იკავებენ ამ ნაბიჯისგან, ეს სიკეთე არ უნდა დაკარგონ საქართველოს მოქალაქეებმა. ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე რომ იყოს დამოკიდებული, კარგა ხნის დაკარგული გვექნებოდა. უვიზო მიმოსვლა შენარჩუნებული გვაქვს მხოლოდ ინერციით. თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ ამასაც დავკარგავთ“,- განაცხადა ირაკლი ქობალიამ.
რაც შეეხება გარემოს საკითხებში ევროკომისარ, ჯესიკა როზველის მიერ ევროპარლამენტში დებატებზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის საქართველოსთან ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებულ, კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას გამოხატავს, ირაკლი ქობალიას შეფასებით, მმართველი პარტიის რიტორიკა ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით დიალოგისთვის, უმნიშვნელოვანესი იქნება.
„არსებობს 12 რეკომენდაცია, რომელიც კანდიდატის სტატუსს ერთვის, თუმცა ამ რეკომენდაციებიდან არცერთი არ არის შესრულებული. აქ მოთხოვნები არის არა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ევროკავშირს, არამედ იმაზე, თუ რა შედის ქართველი ხალხის ინტერესში.
მოწოდება დიალოგთან დაკავშირებით არსებობს და იარსებებს, რადგან სანქციები და ეს პრობლემები პერსონალურად „ქართული ოცნებისკენ“ კი არ არის მიმართული, ან პიროვნული პრობლემები კი არ აქვთ კობახიძესთან, პაპუაშვილთან ან სხვებთან, რომლის წარმოჩენაც უნდა „ქართულ ოცნებას“, სინამდვილეში, პრობლემები არის სისტემური ხასიათის. თუ ის ხალხი, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ, გადადგამენ ნაბიჯებს, რომ პრობლემები შემცირდეს, უფრო და უფრო მეტად გაიღება ევროკავშირის კარებიც და მათი მზაობაც დიალოგთან დაკავშირებით.
პარტიების აკრძალვაზე, რომელსაც რეზოლუცია ეძღვნება, ამაზე ჯერჯერობით საუბრობს „ქართული ოცნება“, ჯერ არ აუკრძალავთ, მაგრამ ეს რიტორიკა დემოკრატიას კლავს. ხალხი, რომელიც ქვეყანას მართავს, ამბობს, რომ ყველა პარტია უნდა აიკრძალოს და ისინიც უნდა აიკრძალონ, რომლებიც მოძლიერდებიან. ამაზე მუდმივი საუბარიც საკმარისია იმისთვის, რომ ევროინტეგრაციაც და დემოკრატიაც გაჩერდეს და ქვეყანას პერსპექტივა წაერთვას. ეს რიტორიკა, ეს მეტყველების ფორმა და ეს პოლიტიკა თავისი არსით არის ავტორიტარული და არადემოკრატიული. ამიტომ, დიახ, რიტორიკა უაღრესად მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ირაკლი ქობალიამ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, პოლიტიკოსის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას კონკურენციის შიში აქვს.
„თავისთავად ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური კონკურენცია, პლურალიზმი, თავისუფალი საზოგადოება, სადაც განსხვავებული აზრები, ჯგუფები, ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრებია, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული მათი ქცევა ოპონენტებთან და საერთაშორისო ფონდებთან მიმართებით, ამიტომ იდევნებიან ფონდები. საერთოდ, ვინც „ქართული ოცნების“ დაწერილი ნოტებით არ მღერის, ყველა მტერია, აგენტი, უცხო ძალისგან მართული და მიუღებელი და პირდაპირ ამბობენ.
ეს მიუთითებს, რომ ისინი სუსტები არიან და ყველაფერზე წამსვლელები. ასეთი გარემო, სადაც ერთი პარტიაა, ერთი მმართველი და ერთი სიმართლე, საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ ადამიანი სისტემასთან პირისპირ დარჩება“,- განაცხადა ირაკლი ქობალიამ.