ბორის ჩელე ყურუა - ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა, კაცს პოლიციელის დანახვისას ეთქვა “მეშველაო”, დღეს  უარესი ხდება და ასეა, როცა გაურკვეველი მენტალობის მქონე ადამიანს აძლევენ იარაღს და პოლიციის ფორმას - პოლიცია უსაფრთხოებას კი არ იცავს, ჩვენი უფროსები ჰგონიათ თავი

პირველი რეაქცია, რაც უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან, იქნებოდა მტკიცება, რომ აუცილებლად ჩაატარებენ ობიექტურ გამოძიებას, თუმცა ამგვარი არ ყოფილა. პირველი ნაბიჯი, რაც გადადგეს, იყო თავის მართლება და მტკიცება, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია , - ამის შესახებ ადვოკატმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პატიმარ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ყურუას თქმით, მნიშვნელოვანია, საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და მომხდარს სათანადო რეაგირება მოჰყვეს, მაგრამ არა პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რადგან, მისივე განმარტებით, სწორედ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არიან სავარაუდო მოძალადეები.

„ზოგადად, პატიმარსა და მსჯავრდადებულზე უნდა გვესმოდეს, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც ძირითადი უფლება შეზღუდული აქვს, თუმცა მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებას აქვს კონკრეტული წესი და არსებობს უფლებები, რომლის შეზღუდვაც არ შეიძლება, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს არ უნდა ხდებოდეს, მათ შორის, პირისთვის ღირსების შელახვა. რაც შეეხება უფლებების დარღვევებს, რა თქმა უნდა, კონკრეტული ფაქტებია და არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, მათ შორის, ანტისანიტარიაზე, იმაზე, რომ საკვები, რომელიც მიეწოდებათ პენიტენციურ დაწესებულებებს, მისართმევად უვარგისია, ჯანდაცვის პრობლემებზე და იმაზე, რომ სახელმწიფო ნორმალურად არ ზრუნავს პატიმრებსა და მსჯავრდადებულების ჯანმრთელობაზე, თუმცა საერთოდ სხვა ტიპის სავარაუდო დანაშაულთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ დავითაძის საკითხზე და როცა ვნახეთ ვიდეო კადრები.

პირველი რეაქცია, რაც უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან, იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ისინი აუცილებლად ჩაატარებენ ობიექტურ გამოძიებას, თუმცა ამგვარი არ ყოფილა. პირველი ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს, იყო თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და მათი მედიის მხრიდან წარმოებული გაშავების კამპანია სავარაუდო მსხვერპლისა და მისი ოჯახის წევრების, რაც იმთავითვე საზოგადოებას უჩენს კიდევ უფრო ბევრ შეკითხვას, ვიდრე არსებობდა დასაწყისში.

პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რაზეც პირდაპირ ვიტყვი, რომ არ გამორიცხავს მსჯავრდადებულის ვერსიას მასზე ძალადობასთან დაკავშირებით. თუ მათ ეს ყველაფერი თავის მართლება ჰგონიათ, ეს თავის მართლება არ არის. საჭიროა ობიექტური გამოძიება, რომელიც უნდა ჩაატაროს არა პენიტენციურმა სამსახურმა. ეს უკვე შემზარავის დანაშაულის შესახებ არის ინფორმაცია და სათანადო რეაგირება სჭირდება არა პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რადგან ისინი არიან სავარაუდო მოძალადეები. ჩვენთან როგორც ხდება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ არის, ხელისუფლებაში ერთი პარტიაა მოსული და ეს პარტია განსაკუთრებით სენსიტიურად აღიქვამს პენიტენციური დაწესებულებებს, პენიტენციურ სისტემას გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა. აქედან გამომდინარე, ისინი ამ ყველაფერს არ უყურებენ, როგორც საჯარო ინტერესსა და გამოსაძიებელ სავარაუდო დანაშაულს, ისინი ამ ყველაფერს უყურებენ, როგორც პოლიტიკურ რეპუტაციაზე დარტყმას, შესაბამისად, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებს. რომც ვცდებოდე და ვინმემ ეს დანაშაული ობიექტურად გამოიძიოს და გვითხრას, რომ დანაშაული არ მომხდარა, საზოგადოებაში არ არსებობს ნდობა არცერთი ინსტიტუტის მიმართ. აქ რომ ყოფილიყო კადრები, რომელიც ამ ყველაფერს გამორიცხავდა, ეს უკვე გასაგები იქნებოდა იმიტომ, რომ უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა, ვიდეო კადრები იქნებოდა, მინიმუმ მცირე ექსპერტიზა ჩაუტარდებოდა, დამონტაჟებული ხომ არ არის და საქმე დამთავრებული იქნებოდა, მაგრამ აქ ჩვენ რა ვიდეო კადრებიც ვნახეთ, ამან არ გამორიცხა მსჯავრდადებულის ვერსია, შესაბამისად, ახლა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, არ იქნება.

გარდა ამისა, უნდა იყოს სახალხო დამცველი ადამიანი, რომლის იმედიც, პირდაპირ გეტყვით, მსჯავრდადებულების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს და მე მათ აზრს არ ვიზიარებ, ეს ადამიანიც [ლევან იოსელიანი] გამოდის და ისე იქცევა, თითქოს ხალხი მარტო პენიტენციური სამსახურია და მხოლოდ მათ იცავს“, - განაცხადა ყურუამ.

ადვოკატმა სამართალდამცველების მხრიდან რიგითი მოქალაქეების მიმართ ძალადობის შემთხვევებზეც ისაუბრა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ბოლო პერიოდში ხშირად ესმის, მათ შორის, ბოლოს სამოქალაქო აქტივისტ სერგეი ყანჩელისა და მომღერალ მიშო სულუხიას პოსტებზე.

ყურუას შეფასებით, უამრავი ადამიანი დაასაქმეს პოლიციელებად, რომლებიც არა პროფესიონალიზმით, არამედ პარტიის მიმართ ერთგულებით შეარჩიეს და რომლებმაც ღირსეული პოლიციელების მუნდირს ჩირქი მოსცხეს.

„ამ განცხადებებამდე ცოტა ხნით ადრე ვნახეთ კადრები, როგორც სცემდა გორში რამდენიმე პოლიციელი ერთ ადამიანს, რომელიც ქუჩაში გააჩერეს და ასევე მის მეგობარს. ვნახეთ კადრები პოლიციის განყოფილებიდან, სადაც ურტყამდნენ ადამიანს. ვნახეთ ჩანაწერი, რომელიც არასრულწლოვანმა გააკეთა და სადაც პატიმარი მამის გაუპატიურებით ემუქრებიან და ა.შ. სიტუაცია ძალიან მარტივია - თუ პოლიციელის ფორმას ჩააცმევ ადამიანს, რომელსაც პოლიციელის ფორმა პრივილეგია ჰგონია და არა პასუხისმგებლობა, მაშინ ამგვარ სიტუაციას მივიღებთ.

ამ ქმედებას რაიმე კონკრეტული სახელი არ აქვს, შეგვიძლია ძალადობა დავარქვათ, უბრალოდ ძალადობის იქითაც ბევრად უფრო ღრმა არის ეს პრობლემა იმ შემთხვევებშიც, როდესაც ძალადობა არ არის, ჩვენ ვხედავთ დამოკიდებულებას, რომელიც არსებითად არის აცდენილი იმ დამოკიდებულებისგან, რომელიც პოლიციელს უნდა ჰქონდეს ადამიანის მიმართ.

პოლიცია არ არის ჩვეულებრივი სამსახური, ეს არის ადამიანი, რომელმაც საზოგადოების უსაფრთხოება უნდა დაიცვას და ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ უსაფრთხოებას კი არ იცავენ, პირიქით, ჩვენი უფროსები ჰგონიათ თავი. ქუჩაში გაჩერების დროს კომუნიკაციაშიც კი ჩანს, როგორი აცდენილები არიან იმ როლს, რა როლშიც უნდა იყვნენ სინამდვილეში.

ამ ქვეყანაში არასდროს არ იყო სიტუაცია, ქართველ კაცს რომ პოლიციელის დანახვა უხაროდა, ვაიმე მეშველაო. დღესაც კი უდანაშაულო ადამიანები იძაბებიან, როცა პოლიციელებს ხედავენ და ეს სიტუაცია ხომ გამოსასწორებელია, ამის გამოსწორება კი არა, უარესი ხდება, როცა გაურკვეველი განათლების, გაურკვეველი მენტალობის მქონე ადამიანს აძლევენ იარაღს, აძლევენ პოლიციის ფორმას და ისინი დადიან ქუჩაში ღამ-ღამობით და კაციშვილმა არ იცის, რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ასეთი ადამიანები აიყვანეს სამსახურში იმიტომ, რომ აქ არა ნიჭი და პროფესიონალიზმი, არამედ პარტიის მიმართ ერთგულება, მეგობრობა და ახლობლობა ფასდება.

რა თქმა უნდა, სისტემაში არის უამრავი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი, მაგრამ უამრავი ადამიანია, რომელიც სისტემასა და პოლიციელს ჩირქს სცხებს”, - განაცხადა მან.

ყურუამ ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე და მის გარშემო საპროცესო შეთანხმების გაფორმებებზე ისაუბრა, მათ შორის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი ჩხვირკიას საპროცესოზე, რომელიც დაცვის მხარემ მოითხოვა.

ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა რთულია, ის მიიჩნევს, რომ ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება ბრალის აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება იქნება.

“რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ჩხვირკიას, ჩვენ უკვე მივმართეთ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით და გამოვხატეთ ჩვენი მზაობა ამასთან დაკავშირებით, თუმცა, იქ არიან ადამიანები, რომლებიც საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებენ და არც კი განიხილავენ ამას, მაგალითად, ირაკლი ნადირაძე.

ახლა იმას თუ ვაღიარებთ, რომ ეს ადამიანები ამ ხალხის მოწოდების შედეგად მივიდნენ იქ და “ისინი” არიან ორგანიზატორები, ესე იგი “ქართულ ოცნებას” სწორად დაუჭერია ისინი, მაგრამ ამას ვინც ლაპარაკობს და ვინც სიტყვა “ორგანიზატორს” ან “მოწოდებებს” ახსენებს, ან სისხლის სამართლის საქმის შინაარსი არ იცის ან უბრალოდ ეთანხმება იმ ბრალდებას, რომელიც წაყენებული აქვს.

მე მირჩევნია, ეს ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ, რადგან უფრო მშვიდად ვიქნები, რაც უფრო ნაკლები უსამართლოდ დაკავებული იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ, აქ არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ დააძალებ იმას, რომ აღიარონ დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. უნდა აღიარონ ისეთი რაღაც, რაც არ გაუკეთებიათ და შემდეგ ამასთან ერთად იცხოვრონ. ეს იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნული გადაწყვეტილებაა, რომ კონკრეტულმა პირმა რაციონალურად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე ვერც იმას განვსჯი, ვინც ციხიდან გამოდის და ვერც იმაზე ვიტყვი ცუდს, ვინც ციხიდან არ გამოდის.

არ დაგვავიწყდეს, რომ დიდი პოლიტიკური საჭადრაკო დაფის მიღმა ეს ადამიანები ინდივიდები არიან ინდივიდუალური პრობლემებითა და ტრაგედიებით. კონტექსტის გათვალისწინებით,იმის გათვალისწინებით, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და ამ სასამართლოში „დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი?", ჩემი აზრით, რაციონალური გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას ხელი მოაწერონ”, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის