კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!

საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის მანდატი არსებითად პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული - ამასთან, არც ერთ შემთხვევაში ჩვენთვის არ ყოფილა შემოთავაზებული შესაძლებლობა, რომ განგვეხილა ალტერნატიული პროგრამები, შეგვეცვალა პროექტის შინაარსი ან გაგვეგრძელებინა მუშაობა განსხვავებული თემატური პირობებით. მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია! -ამის შესახებ კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ხელმძღვანელმა შტეფან რაითმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ფონდში აცხადებენ, რომ პროექტები და პროგრამები, რომლის დასამტკიცებლადაც საქართველოს მთავრობას მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს, უმეტესწილად საგანმანათლებლო და აკადემიური ხასიათისა იყო და მოიცავდა რეგიონული ექსპერტულ დიალოგს, აკადემიურ სასწავლო ვიზიტს ბრიუსელში, სემინარს ქალთა უფლებებისა და ძალადობის პრევენციის შესახებ, აკადემიურ კონფერენციას სამხრეთ კავკასიაში რუსული კოლონიალიზმის თემაზე.

კიდევ რა სახის პროექტების დამტკიცებაზე მიიღო კონრად ადენაუერის ფონდმა უარი საქართველოს მთავრობისგან, რა სახის კომუნიკაცია შედგა მთავრობის ადმინისტრაციასთან და რა სახის განმარტებები მიიღეს მათ დიპლომატიური არხების საშუალებით პროგრამების დამტკიცების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვრცლად ინტერვიუში:

- ინტერვიუს დასაწყისში, მსურს კონკრეტულად კონრად ადენაუერის ფონდის, როგორც გერმანული ფონდების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის მანდატის და კერძოდ მისი პოლიტიკური ბუნების შესახებ გკითხოთ. იქნებ მეტი სიცხადე შესძინოთ საკითხს და განმარტოთ, რას გულისხმობს ფონდის პოლიტიკური მანდატი?

- საქართველოში კონრად ადენაუერის მისია ყოველთვის მარტივი და გასაგები იყო: საქართველოს პოსტ საბჭოთა სახელმწიფოდან დემოკრატიულ, წესებზე დაფუძნებულ ევროპისკენ ორიენტირებულ საზოგადოებად გარდაქმნაში დახმარება.

ფონდმა საქართველოში თავისი აქტივობების განხორციელება 2003 წელს დაიწყო, თბილისში ოფისი კი 2008 წელს გახსნა. იმ დროს, როდესაც ქვეყანა იყო რუსეთის სამხედრო თავდასხმის ქვეშ და მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, ქვეყნის გვერდით ვმდგარიყავით, გაგვეძლიერებინა ჩვენი ყოფნა საქართველოში და განგვეხორციელებინა საქართველოს ინტერებისა და პოზიციების ადვოკატირება გერმანიასა და მთელს ევროპაში.

ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან ხელისუფლებაში, პარლამენტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, ეკლესიებთან, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. სხვადასხვა ხელისუფლებისა და პოლიტიკური პერიოდის განმავლობაში, ჩვენ საქართველოში თავს სასურველად ვგრძნობდით და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებთან დიალოგს ვინარჩუნებდით.

კონრად ადენაუერის ფონდი გერმანული პოლიტიკური ფონდების უნიკალური სისტემის ნაწილია. 2026 წლის სექტემბრამდე საქართველოში 4 გერმანული პოლიტიკური ფონდი იყო წარმოდგენილი. ჩვენ ერთად ავსახავთ თავად გერმანიის დემოკრატიულ პლურალიზმს: წარმოვადგენთ განსხვავებულ დემოკრატიულ ტრადიციას და ვინარჩუნებთ საერთაშორისო პარტნიორობას, რომელიც დიალოგს, ურთიერთგაცვლასა და ურთიერთსწავლებას ეფუძნება. ამ როლით პოლიტიკური ფონდები ავსებენ და მხარს უჭერენ გერმანიის საგარეო ურთიერთობებს თანამშრომლობის არხების შექმნით, რაც ხელისუფლებებსა და დიპლომატიურ ინსტიტუტების ფარგლებს სცდება.

კონრად ადენაუერის ფონდი ევროპული „ქრისტიან-დემოკრატიული“ ტრადიციიდან იღებს სათავეს. ჩვენ ვეკუთვნით დემოკრატიული ცენტრის „მემარჯვენე-ცენტრისტულ“ ფრთას და ვხელმძღვანელობთ ადამიანის ღირსების, თავისუფლების, პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და კანონის უზენაესობის პრინციპით.

ჩვენ კონსერვატიზმს მისი საუკეთესო გაგებით ვუყურებთ: ვუფრთხილდებით იმას, რაც ღირებულია, ამავდროულად კი ხელს ვუწყობთ საზოგადოებებს, რომ მოერგონ ცვლილებებს, განვითარდნენ და აყვავდნენ. გვჯერა, რომ ძლიერი ოჯახები, მრავალფეროვანი საზოგადოება, რელიგიური თავისუფლება და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა თავისუფალი საზოგადოების არსებითი საფუძველია. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ევროპული ერთიანობა და ეროვნული იდენტობა ერთმანეთს აძლიერებს. ევროპა ყველაზე ძლიერია, როდესაც მისი ერები თავისუფლად თანამშრომლობენ, ამავდროულად, წარმოადგენენ რა თავის უნიკალურ კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიას. ამ რწმენამ საქართველო ჩვენი საქმიანობის ბუნებრივ პარტნიორად აქცია. ჩვენ ვცნობთ საქართველოს როგორც ევროპის უძველეს ქრისტიანულ ერს, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის ძლიერი გრძნობის მქონე ქვეყნად, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გაუძლო სირთულეებსა და უცხოურ დომინაციას.

- თქვენს განცხადებაში, რომელშიც ახსნილია საქართველოში მუშაობის შეწყვეტის მიზეზები, აღნიშნულია, რომ თბილისში ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიის შესრულება. აქვე განმარტებულია, რომ პროექტების დამტკიცება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა, თუ ისინი აღარ შეესაბამებოდა ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას. მართალია, ჩვენ ზოგადად ფონდის მანდატი უკვე მიმოვიხილეთ, მაგრამ საქართველოში დაგეგმილი აქტივობების ჭრილში მსურს დააზუსტოთ, კონკრეტულად რას გულისხმობს პროექტების პოლიტიკური ხასიათი და მანდატი? კერძოდ, საქმიანობის რომელ სფეროებსა და პროექტების რა სახეობებს მიიჩნევდა ფონდი თავისი პოლიტიკური მისიის არსებით ნაწილად?

- ჩვენი სამუშაო მიმართული იყო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, საპარლამენტო განვითარებისკენ, სამოქალაქო ჩართულობისკენ, პოლიტიკური განათლებისკენ, კანონის უზენაესობისა და კონსტრუქციული საჯარო დიალოგისკენ.

წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახლო ურთიერთობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, იმ დროს, როდესაც მას ჰქონდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუმცა არასდროს შეგვიზღუდავს ჩვენი ჩართულობა არც ერთ პარტიასა და პოლიტიკურ ბანაკთან. ჩვენ ვინარჩუნებდით სამუშაო კონტაქტს მთავრობებთან, საპარლამენტო წარმომადგენლობებთან და საქართველოს დემოკრატიული სპექტრის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან - მიუხედავად იმისა, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში.

მსგავსი ჩართულობა ფონდის მანდატის ნაწილია, რომელიც დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაცვლასა და კომპეტენციის გაზიარებას გულისხმობს. ეს არ გულისხმობს საქართველოს პოლიტიკური კონკურენციის პროცესში მონაწილეობას. გერმანული პოლიტიკური ფონდების საქმიანობის განმსაზღვრელი პრინციპები - მათ შორის, პარტიულ დაპირისპირებასთან სათანადო დისტანციის დაცვის მოთხოვნა - ჩვენს საქმიანობას როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ განსაზღვრავს.

საქართველოში ჩვენი ყოფნის განმავლობაში ჩვენ ვასრულებდით ჩვენ სამუშაოს ღიად და გამჭვირვალედ. ჩვენი აქტივობები, პუბლიკაციები, კონფერენციები და პარტნიორობა წარმოდგენილი იყო საჯაროდ, ვებ-საიტის, სოცმედია არხებისა და საჯარო ღონისძიებების მეშვეობით. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ჩვენი მიზნები, ღირებულებები ან ჩვენი პარტნიორები.

ჩვენ მხარს ვუჭერდით დისკუსიას საკონსტიტუციო განვითარებასთან, დემოკრატიულ მმართველობასთან, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, რეგიონულ თანამშრომლობასთან და საქართველოს გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებით. ეს არ არის უცხოური მიზნები, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები, რასაც ყოველი მომდევნო მთავრობა ახორციელებდა და რასაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერდა მხარს.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არა თუ ხდება ევროპული, საქართველო არის ევროპული. ჩვენი მიზანი იყო დავხმარებოდით ქვეყანას, გადაეთარგმნა მისი ისტორიული ევროპული იდენტობა ძლიერ ინსტიტუციებში, მდგრად კეთილდღეობაში, ეროვნულ მდგრადობასა და ევროპულ და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობაში.

წლების განმავლობაში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა ჩვენი მუშაობის ცენტრალური სვეტი იყო.

ქართველ პარტნიორებთან ერთად და ხშირად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ ვახორციელებდით პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის საჭირო ცოდნის, ინსტიტუტებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს მოიცავდა მხარდაჭერას პარლამენტარებისთვის, გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის ადგილობრივ დონეზე, საჯარო მოხელეებისთვის, ექსპერტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის - საქართველოს რეგიონებში.

ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ ევროპაზე საუბარი; ჩვენი მიზანი იყო, დავხმარებოდით საქართველოს იმ შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობებისთვის მომზადებაში, რომლებიც ევროპულ ოჯახში უფრო ღრმა ინტეგრაციას ახლავს თან. ჩვენ ხელი შევუწყვეთ ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, წავახალისეთ რეფორმების ირგვლივ ინფორმირებული დისკუსია და მხარი დავუჭირეთ პრაქტიკულ თანამშრომლობას ქართულ და ევროპულ ინსტიტუტებს შორის.

საქართველოს ევროპული მისწრაფება სათავეს ქვეყნის გარეთ არ იღებს. ის თავად ქართულ საზოგადოებაში აღმოცენდა და არაერთხელ დადასტურდა დემოკრატიული პროცესების, საზოგადოებრივი აზრისა და კონსტიტუციური ვალდებულებების მეშვეობით. შესაბამისად ამ მისწრაფების მხარდაჭერა თავად საქართველოს მიერ არჩეული გზის მხარდაჭერას ნიშნავდა.

დიალოგი ყოველთვის იყო ჩვენი მუშაობის ცენტრში. ჩვენ ხელს ვუწყობდით ურთიერთგაცვლას სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების წარმომადგენლებს შორის, მხარს ვუჭერდით რელიაგათაშორის დიალოგსა და აქტიურად ვმუშაობდით ეკლესიებთან, რელიგიურ საზოგადოებებთან. გვჯერა რომ ურთიერთპატივისცემა, ღია დისკუსია და ერთმანეთისგან სწავლის სურვილი, არსებითია დემოკრატიული განვითარებისა და საზოგადოებრივი ერთიანობისთვის.

საქართველოს, გერმანიასა და ევროპას შორის ხიდების მშენებლობა ჩვენი მანდატის კიდევ ერთი ცენტრალური ნაწილი იყო. ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს შესახებ წარმოდგენის გასაღრმავებლად გერმანიასა და ბრიუსელში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებთან, აკადემიასა და ფართო საზოგადოებასთან, ხაზს ვუსვამდით რა ქვეყნის ისტორიას, კულტურას, მიღწევებსა და მისწრაფებებს. ჩვენ გამუდმებით ვუწევდით ადვოკატირებას საქართველოსთან ახლო ჩართულობას და ევროპელ პარტნიორად მისი მნიშვნელობის სულ უფრო მეტად დაფასებას.

დიქტატურისა და დაყოფის დაძლევის გერმანიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით საბჭოთა მმართველობის მემკვიდრეობის გააზრების ხელშესაწყობად. გვჯერა, რომ წარსულის გააზრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფლების, დემოკრატიისა და ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად. საბჭოთა დიქტატურის გამოცდილების გააზრება მხოლოდ ისტორიული მეხსიერების საკითხი არ არის. ეს არის ინვესტიცია მომავალი თაობების დემოკრატიულ მომავალში.

საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის მანდატი არსებითად პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული: მისი მიზანი იყო იმ მიზნების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული, ქართველი ხალხის მიერაა არჩეული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული, სუვერენული და ევროპული მომავლისთვის.

ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დემოკრატიული, სუვერენული, თავდაჯერებული და ევროპული საქართველო, რომელიც მყარად დგას თავის კულტურაზე, ტრადიციებსა და იდენტობაზე, ქართველი ხალხისა და ფართო ევროპული საზოგადოების ერთობლივ ინტერესებშია. სწორედ ეს რწმენა უძღოდა წინ ჩვენს ერთგულებას საქართველოსადმი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

- საქართველოში გერმანული ფონდების მიერ მუშაობის შეჩერების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციისას კონრად ადენაუერის ფონდმა საქართველოს მთავრობისგან მიიღო წინადადება, უარი გეთქვათ პოლიტიკური ხასიათის პროექტებზე და ასეთ შემთხვევაში გრანტის გაცემაზე თანხმობას მიიღებდით. საინტერესოა თქვენი პასუხი - რატომ ითქვა ფონდის მიერ უარი ამ წინადადებაზე?

- პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ ვეთანხმებით მსგავს განმარტებას. ამავე დროს, არც ერთ შემთხვევაში ჩვენთვის არ ყოფილა შემოთავაზებული შესაძლებლობა, რომ განგვეხილა ალტერნატიული პროგრამები, შეგვეცვალა პროექტის შინაარსი ან გაგვეგრძელებინა მუშაობა განსხვავებული თემატური პირობებით. მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია. პირიქით, დიპლომატიური არხებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენი განაცხადების უარყოფა საქართველოში უცხოური პოლიტიკური გავლენის შემცირებისკენ მიმართული უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი იყო და დამატებითი განაცხადის დამტკიცებასაც, სავარაუდოდ, მცირე შანსი ექნებოდა.

- მადლიერი ვიქნები, თუ მეტ სიცხადეს შეიტანთ, იმაში თუ რა სახისა და ხასიათის იყო და რა სფეროებს მოიცავდა პროექტები და პროგრამები, რომლებიც კონრად ადენაუერის ფონდმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა?

- კონრად ადენაუერის ფონდის მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი პროექტები, უმეტესწილად, საგანმანათლებლო და აკადემიური ხასიათისა იყო. უარყოფილი განაცხადების შორისაა: რეგიონული ექსპერტული დიალოგი, აკადემიური სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში, „დემოკრატიის სკოლა“, რომელიც ევროკავშირის ფუნქციონირებას ეხებოდა, სემინარი ქალთა უფლებებისა და ძალადობის პრევენციის შესახებ, აკადემიური კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში რუსული კოლონიალიზმის თემაზე და სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ნიჭიერ სტუდენტებს საქართველოს ისტორიის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევდა.

ცხადია, ეს აქტივობები გერმანული პოლიტიკური ფონდის მანდატის კონტექსტში უნდა იყოს გაგებული. პოლიტიკური ფონდები არ არის უნივერსიტეტები და არც კულტურული ინსტიტუტები. გერმანიას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად სხვა ინსტიტუციები აქვს. პოლიტიკური ფონდების მიზანია განათლების, დიალოგისა და ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, ამავდროულად კი დემოკრატიის, სამოქალაქო ჩართულობის, ევროპული ინტეგრაციის, ისტორიული პასუხისმგებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე ღია მსჯელობა. კონრად ადენაუერის ფონდს არასდროს დაუმალავს თავისი ღირებულებითი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიული ჩართულობა უპირატესია ავტორიტარულ მმართველობაზე, კანონის უზენაესობა - თვითნებურ ძალაუფლებაზე; რომ ევროპული თანამშრომლობა სასარგებლოა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპისთვის და რომ საბჭოთა ბატონობის მემკვიდრეობა კრიტიკულად უნდა იქნას გააზრებული და არა დავიწყებული. საქართველოში ჩვენი საქმიანობის განმავლობაში ეს შეხედულებები ყოველთვის ღიად იყო გაცხადებული.

არაფერი აქედან არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი. საქართველოს ხელისუფლება და ბევრი მისი ამჟამინდელი ლიდერი ახლოს იცნობს პოლიტიკური ფონდების გერმანულ სისტემას და მანდატს, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ. მრავალი წლის განმავლობაში მთავრობის, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ კონრად ადენაუერისა და სხვა გერმანული ფონდის მიერ ორგანიზებულ პროგრამებში. მრავალრიცხოვან დისკუსიაში, საჯარო განცხადებასა თუ პირად შეხვედრაში მათ მადლიერება აქვთ გამოხატული სწორედ იმ საქმიანობის გამო, რომელიც ჩვენი პოლიტიკური მანდატიდან გამომდინარეობდა: დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა, ინსტიტუტების გაძლიერება, სამოქალაქო განათლების მხარდაჭერა, ევროპული თანამშრომლობის წახალისება და გერმანული თუ ევროპული რესურსების ინვესტირება საქართველოს გრძელვადიან განვითარებაში.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს