კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის ხელმძღვანელი - საქართველოს მთავრობის მხრიდან არ ყოფილა შემოთავაზებული შესაძლებლობა, შეგვეცვალა პროექტების პოლიტიკური შინაარსი და მუშაობა განსხვავებული თემატური პირობებით გაგვეგრძელებინა

ჩვენთვის არ ყოფილა შემოთავაზებული შესაძლებლობა, რომ განგვეხილა ალტერნატიული პროგრამები, შეგვეცვალა პროექტების პოლიტიკური შინაარსი ან გაგვეგრძელებინა მუშაობა განსხვავებული თემატური პირობებით. პირიქით, ჩვენი განაცხადების უარყოფა საქართველოში უცხოური პოლიტიკური გავლენის შემცირებისკენ მიმართული უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი იყო და დამატებითი განაცხადის დამტკიცებასაც, სავარაუდოდ, მცირე შანსი ექნებოდა, - ასე უპასუხა კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ხელმძღვანელმა შტეფან რაითმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეკითხვას, რომელიც საქართველოში გერმანული ფონდების მიერ მუშაობის შეჩერების საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ გამოხმაურებას ეხებოდა, სადაც პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ფონდმა საქართველოს მთავრობისგან მიიღო წინადადება, უარი ეთქვა პოლიტიკური ხასიათის პროექტებზე და ასეთ შემთხვევაში გრანტის გაცემაზე თანხმობას მიიღებდა.

როგორც შტეფან რაითმა აღნიშნა, “მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია”.

„პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ ვეთანხმებით მსგავს განმარტებას. ამავე დროს, არცერთ შემთხვევაში ჩვენთვის არ ყოფილა შემოთავაზებული შესაძლებლობა, რომ განგვეხილა ალტერნატიული პროგრამები, შეგვეცვალა პროექტის შინაარსი ან გაგვეგრძელებინა მუშაობა განსხვავებული თემატური პირობებით. მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია. პირიქით, დიპლომატიური არხებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენი განაცხადების უარყოფა საქართველოში უცხოური პოლიტიკური გავლენის შემცირებისკენ მიმართული უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი იყო და დამატებითი განაცხადის დამტკიცებასაც, სავარაუდოდ, მცირე შანსი ექნებოდა”, - აღნიშნა მან.

ამასთან, შტეფან რაითმა კონრად-ადენაუერის ფონდის პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა, ახსნა საქართველოში ფონდის მისია და მიზნები და როგორც აღნიშნა, მათი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, მათი მიზნები კი არ არის უცხოური და ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები.

“ჩვენი სამუშაო მიმართული იყო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, საპარლამენტო განვითარებისკენ, სამოქალაქო ჩართულობისკენ, პოლიტიკური განათლებისკენ, კანონის უზენაესობისა და კონსტრუქციული საჯარო დიალოგისკენ. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახლო ურთიერთობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, იმ დროს, როდესაც მას ჰქონდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუმცა არასდროს შეგვიზღუდავს ჩვენი ჩართულობა არც ერთ პარტიასა და პოლიტიკურ ბანაკთან. ჩვენ ვინარჩუნებდით სამუშაო კონტაქტს მთავრობებთან, საპარლამენტო წარმომადგენლობებთან და საქართველოს დემოკრატიული სპექტრის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, მიუხედავად იმისა, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში.

მსგავსი ჩართულობა ფონდის მანდატის ნაწილია, რომელიც დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაცვლასა და კომპეტენციის გაზიარებას გულისხმობს. ეს არ გულისხმობს საქართველოს პოლიტიკური კონკურენციის პროცესში მონაწილეობას. გერმანული პოლიტიკური ფონდების საქმიანობის განმსაზღვრელი პრინციპები, მათ შორის, პარტიულ დაპირისპირებასთან სათანადო დისტანციის დაცვის მოთხოვნა, ჩვენს საქმიანობას როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ განსაზღვრავს.

საქართველოში ჩვენი ყოფნის განმავლობაში ჩვენ ვასრულებდით ჩვენ სამუშაოს ღიად და გამჭვირვალედ. ჩვენი აქტივობები, პუბლიკაციები, კონფერენციები და პარტნიორობა წარმოდგენილი იყო საჯაროდ, ვებ-საიტის, სოცმედია არხებისა და საჯარო ღონისძიებების მეშვეობით. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ჩვენი მიზნები, ღირებულებები ან ჩვენი პარტნიორები. ჩვენ მხარს ვუჭერდით დისკუსიას საკონსტიტუციო განვითარებასთან, დემოკრატიულ მმართველობასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, რეგიონულ თანამშრომლობასთან და საქართველოს გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებით. ეს არ არის უცხოური მიზნები, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები, რასაც ყოველი მომდევნო მთავრობა ახორციელებდა და რასაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერდა მხარს.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არა თუ ხდება ევროპული, საქართველო არის ევროპული. ჩვენი მიზანი იყო დავხმარებოდით ქვეყანას, გადაეთარგმნა მისი ისტორიული ევროპული იდენტობა ძლიერ ინსტიტუციებში, მდგრად კეთილდღეობაში, ეროვნულ მდგრადობასა და ევროპულ და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობაში. წლების განმავლობაში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა ჩვენი მუშაობის ცენტრალური სვეტი იყო.

ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ ევროპაზე საუბარი; ჩვენი მიზანი იყო, დავხმარებოდით საქართველოს იმ შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობებისთვის მომზადებაში, რომლებიც ევროპულ ოჯახში უფრო ღრმა ინტეგრაციას ახლავს თან. საქართველოს ევროპული მისწრაფება სათავეს ქვეყნის გარეთ არ იღებს. ის თავად ქართულ საზოგადოებაში აღმოცენდა და არაერთხელ დადასტურდა დემოკრატიული პროცესების, საზოგადოებრივი აზრისა და კონსტიტუციური ვალდებულებების მეშვეობით. შესაბამისად ამ მისწრაფების მხარდაჭერა თავად საქართველოს მიერ არჩეული გზის მხარდაჭერას ნიშნავდა.

საქართველოს, გერმანიასა და ევროპას შორის ხიდების მშენებლობა ჩვენი მანდატის კიდევ ერთი ცენტრალური ნაწილი იყო. საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის მანდატი არსებითად პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს პარტიული. მისი მიზანი იყო იმ მიზნების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული, ქართველი ხალხის მიერაა არჩეული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული, სუვერენული და ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა შტეფან რაითმა ინტერვიუში.

“ინტერპრესნიუსისთვის” მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს