ბიძინა ივანიშვილისთვის [სასანქციო სიაში ყოფნა] არ არის საინტერესო. ჩვენთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო: როდესაც საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და აღნიშნულზე აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, „შეხვედრებზე საერთოდ არ ახსენებენ ამ საკითხს“.
ჟურნალისტმა პრემიერს ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება შეახსენა, სადაც ჟურნალისტის თქმით, ივანიშვილი ამბობს, რომ „ეს საკითხი იმდენად პრობლემურია, რომ მას კომპლექსიც კი უჩნდება იმის გამო, რომ ესაუბროს ელჩს“.
„ბიძინა ივანიშვილმა სხვა რამ თქვა. აქ საუბარი არ იყო ამერიკულ სანქციებზე. ის საუბრობდა დე ფაქტო სანქციაზე, იმ პირობებზე, როდესაც ფინანსური შანტაჟი ჯერ კიდევ ძალაშია. იცით, რა ხდებოდა - 2008 წელს დაიწყო ივანიშვილის ანგარიშების ძარცვა შვეიცარიულ ბანკში. ეს პროცესი გააქტიურდა 2022 წლიდან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს ერთგვარი დე ფაქტო სანქცია, აქ არ იყო საუბარი ფორმალურ სანქციაზე, რაც თავის დროზე დაწესდა ამერიკული მხარის მიმართ. იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის, არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან, თუ სხვა წარმომადგენელთან. ეს სხვა რამეა. რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის საინტერესო, შესაბამისად, არც ჩვენთვის. ერთადერთი გვაინტერესებს, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა.
სტრატეგიული პარტნიორობა თუ აღდგება, ეს იქნება ყველაფრის ნიშანი. ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებში მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს. დღესაც მშვიდად ვუყურებთ პროცესებს. მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის. არის გაჯანსაღებული ურთიერთობები, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება.
სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროს. მთავარი საკითხი, რაც ვახსენე, ეს იყო. ზოგადი პასუხი შემიძლია გითხრათ, დეტალებს ვერ მოვყვები, საუბარი იყო, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, - აღნიშნა პრემიერმა.