საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს განცხადებით, ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად საუდის არაბეთის სამი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უწყება სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პირველი თავდასხმის სამიზნე აეროპორტის ინფრასტრუქტურა იყო, მეორემ კი საუდის არაბეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „საუდიას“ კუთვნილ თვითმფრინავზე განხორციელდა.
თავდასხმებმა მატერიალური ზიანი გამოიწვია. აეროპორტის მუშაობა განახლდა და საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა, ირანის მოკავშირე ჰუსიტურმა დაჯგუფებამ აიღო. მათი განცხადებით, აეროპორტს ორი ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს.
ჰუსიტების განცხადებით, ისინი საუდის არაბეთს იმის გამო ესხმიან თავს, რომ სამეფო იემენში განახლებულ სამოქალაქო ომში სამთავრობო ძალებს უჭერს მხარს. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს იემენის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის შეტევით ოპერაციას, რომლის მიზანიც ჰუსიტებისგან ტერიტორიების დაბრუნებაა.