ბერდია სიჭინავა - ბრალდების მხარეს ჩორჩანას საქმეზე ცრუმოწმეები ჰყავდა წარმოდგენილი - ჩვენ გვყავს შვიდი მოწმე, რომელთა ჩვენებები გაანადგურებს ბრალდების მხარის ვერსიას

დღეს სასამართლო დარბაზში იწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა - ჩვენ ამ საქმეზე წარმოდგენილი გვაქვს არა მოწმეების ცრუ ინფორმაცია და სუბიექტური მოსაზრებები, არამედ დოკუმენტური მტკიცებულებები, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, გიორგი გახარიას საქმესთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარის წარმოდგენილი მოწმეების მიერ პირდაპირი ფორმით მიცემული ჩვენებები „გაანადგურებს ბრალდების მხარის თავდაპირველ ვერსიას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით.“

„როგორც იცით, ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დღეს სასამართლო დარბაზში იწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდების მხარეს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით ცრუმოწმეების ძალიან დიდი ნაწილი ჰყავდა წარმოდგენილი. ჩვენ ამ საქმეზე წარმოდგენილი გვაქვს არა მოწმეების ცრუ ინფორმაცია და სუბიექტური მოსაზრებები, არამედ დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ: პირველი - გიორგი გახარიას სისხლის სამართლის საქმეზე შეეზღუდა დაცვის განხორციელების უფლება; მეორე - 2019 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ანგარიშებში, ოფიციალურ განცხადებებსა და დასკვნებში აღწერილია, თუ როგორ ვითარდებოდა ჩორჩანას „ქეისი“ და რომ ბორდერიზაციის აშკარა ნიშნები 2019 წლის იანვრიდანვე ჰქონდა დაფიქსირებული როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ჩვენ არ ვიქნებით დაყრდნობილი მოწმეების სუბიექტურ ან ტყუილ ჩვენებებზე, რომელთა საფუძველზეც ბრალდების მხარე აკეთებდა დასკვნებს. ჩვენ გვექნება წერილობითი, დოკუმენტური მტკიცებულებები და სწორედ ამით დავიწყებთ პროცესს.

რაც შეეხება ჩვენს მოწმეებს, გვყავს შვიდი მოწმე. მათ მიერ პირდაპირი ფორმით მიცემული ჩვენებები გაანადგურებს ბრალდების მხარის თავდაპირველ ვერსიას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით.

ეს მოწმეები მითითებული არიან ჩვენ მიერ წარდგენილ სიაში. მათ შორის არიან უფლებამოსილი პირები, რომლებიც ბრალდების მხარემ მოხსნა. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ ჩასული ჩორჩანაში და ადგილზე არსებულ ვითარებას იცნობდნენ. რა თქმა უნდა, იქნება კახაბერ ქემოკლიძეც - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული და თავიდან ბოლომდე ადევნებდა თვალს პროცესებს. ეს პროცესები 2019 წლის ზაფხულიდან ვითარდებოდა, როდესაც ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საზღვრის დამდგენი სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია შექმნა და დაიწყო სასაზღვრო „პრეტენზიები“ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს