ბიუჯეტში პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს - კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა: ეზრდებათ თუ არა დეპუტატებს ხელფასები.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის ხელფასი დაკავშირებულია საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან.
„რაც შეეხება პარლამენტის წევრებს თუ ეზრდებათ ხელფასი, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის ხელფასი დაკავშირებულია საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან. საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაზრდასთან ერთად, უნდა გაიზარდოს პარლამენტის ხელფასი. მაგრამ, ამავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს პარლამენტის ბიუჯეტი, რაც არის დამტკიცებული, იქ არ არის პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული. გათვალისწინებული არ არის ბიუჯეტში, კანონი ითხოვს რომ უნდა გაიზარდოს. კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული“,- განაცხადა კაკაურიძემ.
პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდის საკითხით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კითხვით ირაკლი ზარქუა მიმართა.
„გავრცელდა ნარატივი, რომ ბიუჯეტი იზრდება და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ეზრდებათ ხელფასი. 1200, 1500 ლარი და რაღაც სიგიჟეებს ჰყვებოდნენ. მინდა უპასუხოთ, გვეზრდება ხელფასი პარლამენტის წევრებს თუ არა? მკაფიოდ მინდა, რომ ბრძანოთ“, - განაცხადა ზარქუამ.