უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის საქალაქო ხელისუფლება რუსეთის მიმდინარე აგრესიის პირობებში მდგრადობის გეგმების დანერგვისთვის აუცილებელი ზომების სრულ შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“მოვისმინე ანგარიში მდგრადობის უზრუნველყოფის გეგმების შესრულების ვადების შესახებ, განსაკუთრებით კი კიევის ოლქსა და სხვა რეგიონებში. სამუშაოების გაჭიანურება აბსოლუტურად დაუშვებელია, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საოლქო ადმინისტრაციების პასუხისმგებლობა პირად ხასიათს ატარებს. ცალკე განისაზღვრა კიევთან დაკავშირებული ამოცანები, ქალაქის ხელისუფლების მიერ აუცილებელი ზომების თითქმის სრულად შეუსრულებლობის გამო. მოვისმინე ანგარიში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიში არსებული ვითარების შესახებ და დავავალე, კვირის ბოლომდე მომზადდეს გადაწყვეტილებათა სრული პაკეტი, რომლის განხილვაც პრილუკის მცხოვრებლებთან განხორციელდა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთის საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების შედეგად ელექტროქსელსა და ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის ობიექტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ განახლდა ენერგეტიკულ აღჭურვილობასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული მოთხოვნები. საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტნიორებისთვის შესაბამის შეტყობინებებს ამზადებენ.