„ძლიერი საქართველო-ლელოს“ რუსთავის საკრებულოს წევრმა, ნინო სულაძემ რუსთავის მერს ოფიციალური მოთხოვნით მიმართა, 2027 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამა გაითვალისწინოს.
როგორც რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებისთვისაც ბავშვის ყოველდღიური სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.
“სრულფასოვანი კვება ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს გაკვეთილებზე მშიერი. პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებისთვისაც ბავშვის ყოველდღიური სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს“, - ამბობს ნინო სულაძე.
პარტიის ინფორმაციით, „ძლიერმა საქართველო - ლელომ“ აღნიშნული ინიციატივა 2026 წლის ბიუჯეტის განხილვის დროსაც დააყენა, თუმცა ის გათვალისწინებული არ ყოფილა.
“რუსთავის საჯარო სკოლების I-IV კლასებში, არსებული მონაცემებით, 7 106 მოსწავლე სწავლობს. რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აქვს შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა დააფინანსოს. საჭიროა პოლიტიკური ნების გამოვლენა და საბიუჯეტო პრიორიტეტების ისე განსაზღვრა, რომ ბავშვებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფა რეალურ საქმედ იქცეს”, - აცხადებენ პარტიაში.