ეროვნული ბანკის საბჭომ პროკურატურის გამოძიების დასრულებამდე ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. შესაბამის განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის თანახმად, გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე იქნება ძალაში.
„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.