ეროვნული ბანკის რეპუტაცია ჯერ ისედაც რა იყო და დღეს ფაქტობრივად გაცამტვერდა ბოლომდე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ბესიკ დონაძემ განაცხადა, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობიდან ჩამოცილებას ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბესიკ დონაძემ განაცხადა, რომ როდესაც კრიპტობიზნესის მარეგულირებელი არის ეროვნული ბანკი და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები დაკავებული არიან კრიპტობიზნესით, ამას კორუფცია ჰქვია.
„ეროვნულ ბანკს აქვს მონიტორინგის სამსახური, რომელიც ამონიტორინგებს ტერორიზმის დახმარებას და ფულის გათეთრებას. ეს სამსახური ამოწმებს და მას აქვს კონკრეტული აღმასრულებელი ფუნქცია. ამ სამსახურის დასკვნების საფუძველზე იღებს შემდეგ პრეზიდენტი და საბჭო გადაწყვეტილებას. გამოდის, რომ მთლიანად საქართველოს ეროვნული ბანკი იყო ამ სქემაში ჩართული, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა მისი უფლებამოსილება ბოროტად, ამით ისარგებლა ყეინიშვილმა. ახლა დასადგენია, დანარჩენმა საბჭოს წევრებმა და პრეზიდენტმა ისარგებლა, თუ ეს ადამიანები უბრალოდ ჩართულები იყვნენ ამ სქემაში, ოღონდ კმაყოფილი იყვნენ იმით, რომ ყეინიშვილს ჯიგრულად ფული აშოვნინეს, ხოლო თვითონ სხვა რაღაცაში შოულობენ ფულს და არ გადაკვეთეს ერთმანეთი.
კრიპტობიზნესი საქართველოში გახდა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის ფულის შოვნის ერთ-ერთი და მსუყე სფერო. ეს დაიწყო ივანიშვილმა და რადგან მან დაიწყო, დაიწყეს ამათმაც, თითქოს მწვანე შუქი აინთო. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თავისუფალი ზონები ქვეყნებში რომ იქმნება, ამას ქვეყნისთვის მოაქვს სიკეთე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ცუდად შემოგვიბრუნდა. კრიპტოკომპანიები დაარეგისტრირეს, შემდეგ ეს კრიპტოკომპანიები ბრიტანეთმა და ამერიკამ დაასანქცირა იმიტომ, რომ რუსეთის ომს უწყობდა ხელს. ასევე, დაასანქცირეს კომპანია, რომელიც ირანის ისლამურ სახელმწიფოს ეხმარებოდა. იმან, რასაც სიკეთე უნდა მოეტანა ქვეყნისთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით და რეპუტაციის თვალსაზრისით უდიდესი ზიანი მოგვაყენა. ახლა ამას ზემოდან დაემატა ეროვნული ბანკი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია საქართველო ეკონომიკურ მდგრადობაზე.
კრიპტობიზნეისის მარეგულირებელი არის ეროვნული ბანკი და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები დაკავებული არიან კრიპტობიზნესით. ამას კორუფცია ჰქვია, მხოლოდ და მხოლოდ ფულის ხელიდან ხელში გადაცემა არ არის კორუფცია. ინსტიტუტები ჩამოშლილია და სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებენ მათი საკუთარი სიმდიდრისთვის“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.