პაველ ჰერჩინსკიმ თელავში, ღონისძიების „ევროპის დღე 2026“ დამსწრეებს ქართულად მიმართა

დიდი ბოდიში ჩემი დამტვრეული ქართულისთვის, თუმცა მაინც მინდა, პატივისცემის ნიშნად თქვენს მშვენიერ ენაზე მოგმართოთ - ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს, - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თელავში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ევროპის დღე 2026“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც დამსწრეებს ქართულად მიმართა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, „მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის“.

„დიდი ბოდიში ჩემი დამტვრეული ქართულისთვის, თუმცა მაინც მინდა, პატივისცემის ნიშნად თქვენს მშვენიერ ენაზე მოგმართოთ. მიხარია, რომ წელს პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს კახეთში. აქ, ხომ განსაკუთრებულად იგრძნობა თავისუფალი ქართული სული, კულტურა და ტრადიციები, ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველო ევროპას სძენს.

თქვენ იცით, რომ ევროკავშირი არც ახალი და მით უფრო, არც უცხო ამბავი არ არის. გამოწვევებით სავსე მსოფლიოში უკვე თითქმის 80 წელია ვრჩებით მშვიდობის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუნძულად, ის, რაც გვაქვს დიდი შრომით, მონდომებით და საერთო პრინციპებისადმი ერთგულებით შევქმენით - ამიტომაც არის ჩვენთვის ასეთი ძვირფასი, ამიტომაც გვინდა ეს სიკეთე გავუზიაროთ მათ, ვინც პატივს სცემს ჩვენს საერთო წესებს.

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის! წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე, თქვენ ხართ ორივე, და რადგან დღეს, კახეთში ვართ ნება მომეცით, ჩემი გამოსვლა სადღეგრძელოთი დავასრულო:

„წუთისოფელი ეგრეა, დღეს ღამე უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.

გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ევროპას, წინ, საქართველო, წინ!“- განაცხადა ელჩმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე