ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ ნდობა დაკარგა.
„ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები ამ ორგანიზაციის მხრიდან, შესაბამისად ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ სამწუხაროდ, დაკარგა ნდობა. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე მე რუბიოს დამოკიდებულება ამ ორგანიზაციისადმი საერთოდ არ მიკვირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციაა.
კერძოდ, ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ჟურნალისტმა მარკო რუბიოს აშშ-ის მიერ პორტუგალიის ლაჟესის (Lajes) ავიაბაზის გამოყენებასა და საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევაზე დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ციტირება გააკეთა Amnesty International-ის განცხადებიდან, რომლის მიხედვითაც „პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ომის დანაშაულებს“. Amnesty International-ის ხსენებაზე რუბიომ ორგანიზაციას „თაღლითური“ უწოდა და განაცხადა, რომ ის უნდა ფოკუსირდეს „ირანული რეჟიმის“ „სამხედრო დანაშაულებზე“ კაცობრიობის წინაშე.