დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა 25 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია დააანონსა.
მისი თქმით, მან გურამ დადიანიძის საქმის თბილისში გადმოტანა მოითხოვა, რაზეც პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.
„ახლა მჭირდებათქვენი ფიზიკური გვერდში დგომა, ვინაიდან საქმის გადმოტანა მოვითხოვე თბილისში, რის შედეგადაც პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
ვაანონსებ აქციას 25 ოქტომბერს, საღამოს 17:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
ყველა დედას, ყველა ნაცნობს და უცნობს, გთხოვთ დამიდგეთ გვერდში, ვიპოვო ჩემი ერთადერთი შვილი და სამართალი“, - აცხადებს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.