საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი საქმიანობისა და შემოქმედებითი პროცესის შესახებ გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება იყო.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩილ ჯავახაძესთან ერთად ემსჯელათ თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე, თარგმანის ხელოვნების თავისებურებებსა და იმ შემოქმედებით გამოწვევებზე, რომლებიც ნაწარმოების ერთი ენიდან მეორეზე გადატანას უკავშირდება.

„ადამიანის პროფესიული წარმატება, საკუთარი საქმის ცოდნა და მაღალკვალიფიციურობა მისი პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია, თუმცა სრულფასოვან და საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ პროფესიული კომპეტენცია არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს და აფასებდეს მშობლიურ ლიტერატურას, პატივს სცემდეს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, ხელოვნებას, კულტურასა და მშობლიურ ენას. ეროვნული თვითმყოფადობის გააზრება და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა განათლებული პიროვნების ჩამოყალიბების განუყოფელი ნაწილია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ფაკულტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისთვის არა მხოლოდ პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, არამედ მათი ზოგადი განათლების, კულტურული ცნობიერებისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემის გაღრმავებასაც. ამ მიზნით, ხშირად ვმასპინძლობთ მწერლებს, პოეტებს, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებასა და მისი საგანძურის პოპულარიზაციაში. მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზრონ ქართული ლიტერატურისა და კულტურის მნიშვნელობა, გაეცნონ გამორჩეულ შემოქმედთა გამოცდილებას და ჩამოყალიბდნენ არა მხოლოდ პროფესიონალებად, არამედ ფართო მსოფლმხედველობის, ეროვნული თვითშეგნებისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებად“, - აცხადებს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ჯავახაძის მნიშვნელოვან მთარგმნელობით საქმიანობას - შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის, „ვეფხისტყაოსნის“, ნიდერლანდურ ენაზე თარგმანს. გამოცემა ჰააგაში, ცნობილ გამომცემლობა „U2pi“-ში დაიბეჭდა. ეს პროექტი ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენისა და სხვადასხვა კულტურას შორის ლიტერატურული დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სტუდენტებმა აქტიური ინტერესი გამოავლინეს განხილული საკითხების მიმართ და სტუმართან საკუთარი მოსაზრებებისა და შეკითხვების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე