აშშ-ის კონგრესში ორპარტიულ კანონპროექტს წარადგენენ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ “რესპუბლიკელი” კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, კანონპროექტის სახელწოდება იქნება „რონალდ რეიგანის აქტი - მშვიდობა ძალის მეშვეობით”.
“წარვადგენთ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც დაბლოკავს რუსული ნავთობის ნებისმიერი სახით შესყიდვას. მას „რონალდ რეიგანის აქტი - მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ეწოდება”, - წერს კონგრესმენი.
კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განსახილველად „გათავისუფლების შესახებ პეტიციის“ საპარლამენტო პროცესის მეშვეობით წარადგენენ. ეს საშუალებას აძლევს რიგით კანონმდებლებს, კანონპროექტი სრული შემადგენლობით კენჭისყრისთვის შესაბამისი კომიტეტის ან სპიკერის გვერდის ავლით წარადგინონ.
“კანონპროექტი განსახილველად discharge-ის პროცედურის მეშვეობით გავა და მას მხარს აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს”, - წერს ბრაიან ფიცპატრიკი.